,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ორი-სამი წლიდან იწყება პროტესტი კვებაზე. ამ პერიოდში ბავშვს უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის უჭმელობისა და უმადობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის უჭმელობა ხშირად მშობლის ზედმეტ მღელვარებასთან არის კავშირში:
„ხშირად ჩვენი ბავშვის უჭმელობა დაკავშირებულია ჩვენს ზედმეტ აღელვებასთან და ნერვიულობასთან. პირველი პრობლემები მოდის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით. როდესაც ხელოვნურ კვებაზეა ბავშვი, დედა ხედავს, რამდენს მიირთმევს ბავშვი. ძუძუთი კვების დროს დედა ვერ ხედავს, რამდენს მიირთმევს ბავშვი. ამიტომ მუდმივად არის შეგრძნება, რომ თითქოს მას არ ჰყოფნის საკვები. ძუძუთი კვება არის მოთხოვნილების მიხედვით. ეს გულისხმობს, რომ როდესაც ბავშვს შია ან წყურია, ის ძუძუთი იკვებება. ზოგჯერ ბავშვი იწყებს ტირილს არა იმიტომ, რომ შიმშილი უნდა დაიკმაყოფილოს, არამედ წყურვილს იკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, თუ წყურვილს იკმაყოფილებს, ის იმ რაოდენობით რძეს არ მიიღებს, რასაც მაშინ, როდესაც მშიერია.“
მაია ხერხეულიძის თქმით, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს რძის დეფიციტი არ აქვს, თუ ის წონაში კარგად იმატებს:
„იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ბავშვს ნამდვილად ჰყოფნის თუ არა რძე, პირველი მაჩვენებელი არის წონის ნამატი. თვეში 500 გრამზე ნაკლები არ უნდა მოიმატოს ბავშვმა, რომელიც ძუძუთი კვებაზე იმყოფება პირველი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ 400 გრამზე ჩამოდის ეს ნამატი. ყველაზე კარგი მაჩვენებელი კიდევ არის შარდვის სიხშირე. ბავშვი, რომელიც იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე, სითხეს იღებს მხოლოდ დედის რძის სახით. მისი შარდვის სიხშირე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღო მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე. თუ ოცდაოთხ საათში შარდვა არის ექვსი და მეტი, მშობელი უნდა იყოს მშვიდად. ე.ი. ბავშვისთვის რძე საკმარისია.“
„უმადობა უმეტეს შემთხვევაში არის ქცევითი დარღვევა და არ არის ასოცირებული რაღაც დაავადებასთან. როდესაც არის ბავშვი, რომელსაც არ აქვს მადა, ჩვენ გვეშინია, ხომ არ არის რაღაც დაავადება, რომელიც უმადობას იწვევს. როდესაც არის უმადობა, ჩვენი მთავარია ამოცანაა, გამოვრიცხოთ, ხომ არ არის რაიმე დაავადება. თუ ბავშვის წონა და სიგრძე ნორმალურია, მშობელი უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ გარკვეულწილად უნდა შეცვალოთ ბავშვის მიდგომა კვებასთან დაკავშირებით. ორი-სამი წლიდან იწყება პროტესტი კვებაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, მოდის პიროვნული მე. თუ მშობლები ბავშვს მანამდე ხშირად აძალებდნენ კვებას, თუ კვება იყო დაკავშირებული სტრესთან, ბავშვს მოჰყვება ეს ემოცია. მას შეიძლება ძალიან შიოდეს, მაგრამ მაინც არ მიირთვას. ერთი კვების და ორი კვების გამოტოვება არაფერს არ გვიცვლის. ამ პერიოდში მას უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თუ ბავშვს უმადობა უვლინდება, ძალიან კარგია ოჯახურ სადილზე დავსვათ ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.