,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი
ფსიქოლოგმა ეკა ნინოშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარებს ემოციების დარტყმის, კბენის ან სხვა აგრესიული ფორმით გამოხატვა ახასიათებთ. მისი თქმით, მშობელმა ბავშვს მსგავსი ქცევა უნდა აუკრძალოს:
„ეს ყველაფერი ასაკთან არის ბმაში. განსაკუთრებით ხშირია პატარა ასაკის ბავშვებთან დარტყმა, კბენა, თმების მოქაჩვა. ბავშვს არ ჰყოფნის ლექსიკური მარაგი, რომ სწორად გამოხატოს, რას გრძნობს. ბავშვი ძალიან ემოციურია, პირველ რიგში, ემოცია მოდის. გამოხატვის ეს ფორმა უფრო ხშირად პატარა ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, ვიდრე მოზრდილ ბავშვებს. მშობელი როდესაც ამბობს, რომ არაუშავს, ეს არასწორი რეაქციაა. აუცილებელია აკრძალვა, ხელის გაკავება, მკაცრი ტონით თქმა, რომ ეს არ შეიძლება.“
ეკა ნინოშვილის თქმით, მშობლებს ლოიალობასა და სიმკაცრეს შორის ოქროს შუალედის დაცვა ყველაზე მეტად უჭირთ:
„ოქროს შუალედის დაცვა არის პრაქტიკაში ყველაზე ძნელი, მე როდის ავუკრძალო და როდის ვიყო ლიბერალური მშობელი, რაღაცებს არ მივაქციო ყურადღება. უკიდურესობა არასდროს არის მისაღები. არის სიტუაცია, როდესაც აკრძალვა აუცილებელია. მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის განუმეორებელი მოდელი. ყველა მშობელს და შვილს აქვს ურთიერთობის თავისი სტრუქტურა. არსებობს ზოგადი მოდელი, რომელიც მიღებულია. არის როგორც წახალისების, ისევე დასჯის ფორმებიც.“
ეკა ნინოშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისას მეტისმეტი კეთილგანწყობის გამოჩენა მას სერიოზულ ზიანს აყენებს: „როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას ვაძლევ, ის ეჩვევა, რომ მზამზარეული უნდა მიეცეს ყველაფერი. მისი მსოფლმხედველობა ასე ყალიბდება: „მე ვიმსახურებ იმას, რომ ცხოვრებამ ყველაფერი უნდა მომცეს.“ გარკვეული ფორმით ის ოჯახში შემდეგ ტირანადაც შეიძლება იქცეს, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მისი მარიონეტები გახდნენ. ბავშვს ეს ოჯახიდან გააქვს გარეთ, ის ამას ითხოვს თანატოლებისგანაც, იწყება სოციალიზაციის პრობლემები. თანატოლები ასე მზამზარეულს აღარ იღებენ. თუ ოჯახი სათბურში კეთილგანწყობით ზრდიდა ბავშვს, საბოლოოდ ეს მისთვის გამოდის არასასურველი შედეგის მომტანი.“
„უფროს დედმამიშვილებს ძალიან მტკივნეულად ახსოვთ მსგავსი გამოცდილება. ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ყველას მტკივნეულად ახსოვს. ყოველთვის ჩნდება პროტესტი. ბავშვს სჭირდება სამართლიანობის განცდა მშობლის მხრიდან. არგუმენტი, რომ შენ დიდი ხარ და დაუთმე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა დედმამიშვილმა რაღაც არასწორად გააკეთა, აბსოლუტურად არასწორია. მშობელმა აუცილებლად უნდა ასწავლოს ბავშვებს სწორი ურთიერთობის ფორმა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივი ზღვარი როგორია. თუ მშობელმა მედიატორის როლი არ ითამაშა, შესაძლოა, დედმამიშვილებს შორის აგრესიაც კი გაჩნდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ნინოშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.