,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ბავშვთან ურთიერთობაში უპირობო სიყვარულთან ერთად აუცილებელია კონტროლიც,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ბედნიერი ბავშვობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვი ბედნიერია მაშინ, როდესაც ის ოჯახისგან უპირობო სიყვარულს იღებს:
“ბედნიერი ბავშვობა ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა ოჯახში მიიღოს უპირობო სიყვარული, ანუ ცნონ ის, როგორც პიროვნება. უპირობო სიყვარული ნიშნავს: „როგორიც უნდა იყო, შვილო, მე შენ მაინც მიყვარხარ.“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტროლი იყოს უგულებელყოფილი. აუცილებელია, ბავშვმა მიიღოს სითბო დიდი დოზით, მაგრამ მას უნდა შეესაბამებოდეს გარკვეული პროცენტული მონაცემები კონტროლის. 100 %-დან პირობითად 80 % იყოს სითბო და 20 % იყოს კონტროლი. კონტროლი ნიშნავს კრიტიკული ცნობიერების არსებობას ყველა ურთიერთობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ნათქვამს უპირობოდ მივყვებით, ჩვენ, როგორც ჩვენ იქ არ ვიმყოფებით. როგორც მე იქ ვიკარგები და ვითქვიფები მეორე ადამიანთან, პიროვნულობა იკარგება.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ურთიერთობაში სითბოს გარდა კონტროლიც აუცილებელია:
„ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სითბოს დიდი წილი და ამავე დროს კონტროლიც. უპირობო მორჩილება ნიშნავს, რომ ადამიანის პიროვნულობის გამოვლენაზე ხდება ძალადობა. კრიტიკული ცნობიერების გარეშე არ შეიძლება ადამიანებს შორის პროდუქტიული ურთიერთობის არსებობა. ბავშვებთან კი ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულთან ერთად არსებობდეს კონტროლი. თუ არის არასაიმედო მიჯაჭვულობა, ბავშვს აქვს შიში, რომ მშობელს დაკარგავს, მშობელი მას უგულებელყოფს, არ მიიღებს. ბავშვი, როდესაც აგრესიას გამოხატავს, ოპოზიციურ ქცევას გამოხატავს მშობლის მიმართ, მშობელი კი ამით გაღიზიანდება ან გაბრაზდება და ბავშვს ხელით შეეხება, ამ დროს ბავშვი მშობელთან ტაქტილური შეხების მოთხოვნილებას ნეგატიურად იკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ბავშვთან გზა გავუხსნათ მაზოხისტურ მოთხოვნილებებს. ეს არის ძალიან სახიფათო. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ესაა, რის გამოც ფიზიკურ შეხებაზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ.“
ნანა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ დასჯის მიზნით ბავშვისთვის ტკივილის მიყენება დაუშვებელია:
„ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია, რომ დასჯის მიზნით ბავშვს მივაყენოთ ტკივილი. უფრო საინტერესოდ მეჩვენება, რატომ უჩნდება მშობელს იმის იმპულსი, რომ ბავშვს ფიზიკურად შეეხოს. მშობელი ამ შემთხვევაში თვითონ ვერ აყალიბებს თავის მოსაზრებას, თავის პოზიციას, თავის სათქმელს, ამიტომაც გამოხატავს აგრესიას. პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ლაპარაკი, ჩვენი განცდის, ჩვენი გრძნობის, ჩვენი ემოციის გამოხატვა.“
„ჩვენ უნდა ამოვიცნოთ, რა მოთხოვნილებები აქვს ბავშვს და რის დაკმაყოფილებას ცდილობს. მშობლებმა ხშირად იციან თქმა: „ენა შემომიბრუნა, მეტლიკინება,“ ამის იქით რაღაც არის ისეთი. ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. ჩვენ თვითონ უნდა დავადგინოთ ამ დროს, რა გვეშლება ჩვენ, უფროსებს. დასჯა უშუალოდ ქმედებას კი არ უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გაანალიზებული ვითარება და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დასჯასა და წახალისებაზე. ბავშვის შექებაც არ უნდა იყოს გადაჭარბებული. თუ ბავშვი რამეს არ აკეთებს, კი არ უნდა ვუთხრათ: „რატომ არ გააკეთე?“ უნდა გავიკვირვოთ და ვკითხოთ: „ეს შენ როგორ მოგივიდა?“ მას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მისგან ცუდი ქცევა გამონაკლისია. ამ გამონაკლისს ის უკვე აღარ გაიმეორებს,“ - აცხადებს ნანა ჩაჩუა.