,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა
,,ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება", - ამის შეხახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა, ყარამან ფაღავამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" განაცხადა.
,,მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია - ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი - ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება. წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ... სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.
ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა - როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო? ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა - როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.