Baby Bag

,,ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის''

,,ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის''
რომელ პოზაშია უნდა ეძინოს პატარას და რომელი არ არის რეკომენდებული უსაფრთხო ძილისთვის, განაპირობებს თუ არა თავის ფორმას ძილის პოზა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ​​MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

- დაბადებიდან, რომელ პოზაში უნდა ეძინოს პატარას, რომელია უსაფრთხო (ზურგზე, გვერდულად, მუცელზე)?

- ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის. არ არის რეკომენდებული მუცელზე ან გვერდზე ძილი, რადგან ასეთი პოზიციის დროს იზრდება ჩვილის უეცარი სიკვდილის განვითარების რისკი. ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს რბილი და ასევე მოძრავი არაფიქსირებული საგნები.

- რა დადებითი ან უარყოფითი აქვს თითოეული ძილის პოზას?

- გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვილის ძილის საუკეთესო ფორმად მუცელზე წოლა მიიჩნეოდა, მას შემდეგ რაც აშშ-ს პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის რეკომენდებულია ზურგზე წოლა, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით, 4 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათ გადმოტრიალება არ შეუძლიათ.

მუცელზე წოლა რეკომენდებულია დღის განმავლობაში მყარ ზედაპირზე, რა თქმა უნდა, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ხელს უწყობს ზურგის და კისრის კუნთების განვითარებას. ასევე უადვილებს გაზებისგან გათავისუფლებას და მცირდება ნაწლავური კოლიკა.

გვერდზე წოლა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ გვერდიდან მუცელზე ბავშვი გაცილებით ადვილად ტრიალდება.


- განსაზღვრავს თუ არა თავის ფორმას ძილის პოზა?

- დაბადებიდან 6 თვემდე ბავშვის თავის ქალა რბილია და ადვილად იცვლის ფორმას, კისრის კუნთები კი სუსტად განვითარებული, ერთ პოზიციაში დიდხანს წოლა, რა თქმა უნდა, განაპირობებს თავის ქალას ფორმირებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მიზანშეწონილია ზურგზე წოლა, ამ რეკომენდაციის შემდეგ, მართალია, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ გაიზარდა პოზიციური პლაგიოცეფალიის (თავის ქალის დეფორმაცია-გაბრტყელება) შემთხვევები. რაც უფრო პატარაა ბავშვის ასაკი, მით უფრო მარტივია ამ პრობლემის პრევენცია და მკურნალობა.

- არის თუ არა სპეციალური ბალიში, რომელიც საჭიროა თავის კარგი ფორმის მისაღებად?

- ჩვეულებრივ ბავშვს 1 წლამდე ბალიში არ სჭირდება, ჩვილებს არ შეუძლიათ გადატრიალება, შესაბამისად მისი საწოლი ზედმეტი საგნებისგან თავისუფალი უნდა იყოს, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ორთოპედიული ბალიში ჩვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქედან გამომდნარე, სპეციალური ბალიშები თავის კარგი ფორმის მისაღებად რეკომენდებული არ არის.   

- საძილე ტომარაზეც რომ ვისაუბროთ, ურჩევთ თუ არა მშობლებს მის გამოყენებას?

- საძილე ტომარა უსაფრთხოა ჩვილისთვის და მოსახერხებელი მშობლისთვის, საბნის მსგავსად არ ვარდება საწოლიდან და ბავშვს არ ეფარება თავზე, რა თქმა უნდა, შესაფერისი ზომით და გარემოს ტემპერატურის შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. ნორმალური საძილე ტომარა არის სხეულის სიგრძის ტოლი, თავის გამოკლებით, დამატებული 10-15 სმ და არ უნდა იყოს კისერთან თავის ზომაზე ფართო.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ციფრული ტექნიკა ძილზე დრამატულ გავლენას ახდენს" - ნინო გზირიშვილი

,,ციფრული ტექნიკა ძილზე დრამატულ გავლენას ახდენს" - ნინო გზირიშვილი

ნევროლოგი, ნინო გზირიშვილი საუბრობს ძილის ჰიგიენაზე და ციფრული ტექნიკისგან გამოწვეულ უძილობის პრობლემაზე, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა:

ზოგადად, ძილი არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში და დაყრდნობილია, სხვადასხვა ქიმიურ პროცესზე. სტიმული, რომელიც იწვევს ძილს, არის ბუნებრივი ჰორმონი მელატონინი და ის გამომუშავდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარეგანი სტიმულაციით ხდება რეაგირება(დღის და ღამის მონაცვლეობა). დაღამებისას გამომუშავდება მელატონინი, თანდათანობით სისხლში მისი კონცენტრაცია მატულობს და მაქსიმალურ დონეს აღწევს 10 - დან 11 საათამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფიზიოლოგიური ძილი დგება 11 საათიდან.

ციფრული ტექნიკა ძილზე დრამატულ გავლენას ახდენს. გვიწევს სხვადასხვა ტექნიკასთან ურთიერთობა, ამან კი განაპირობა თავის ტვინის მექანიკური სტიმულაცია, ტექნიკის ნათება მის აქტივობას იწვევს და შესაბამისად, არ დგება ძილი".

ნევროლოგის თქმით, რეკომენდებულია დაძინებამდე 1.5 საათით ადრე ტექნიკის გამოყენება შევწყვიტოთ. მისი ზეგავლენით გამოწვეული უძილობის გამო მთელ რიგ პრობლემებს ვაწყდებით:

„მაგალითად, დღის მანძილზე ძილიანობის შედეგად არ გვაქვს შრომის ადეკვატური რეჟიმი, შესაძლოა ჩაგვეძინოს საჭესთან. ასევე, ძილის დარღვევა იწვევს წონის მატებას, რასაც თავის მხრივ, ენდოკრინოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ.

2017 წელს ძილის ფედერაციამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო კვლევა. შეისწავლა ადამიანები, 8 - დან 17 წლამდე და მათი დამოკიდებულება ტექნიკასთან. ძირითადად სამ კომპონენტზე იყო გამახვილებული ყურადღება: წონის მასის ინდექსი, ყურადღების დეფიციტი, ძილის ხარისხი. აქ გამოიკვეთა, რომ ციფრული ტექნიკა განაპირობებს ჩაძინების გახანგრძლივებას, რაც ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის, ფიზიოლოგიური ძილის შემოკლებას და დღის განმავლობაში ბავშვების აგრესიულად ყოფნას“.

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად