როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვები, რომლებსაც დასცინიან, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ხდებიან გარიყულები, იზოლირებულები და მარტოსულები“
როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკასა და თვითშეფასებაზე დაცინვა, დაშინება, შევიწროვება?- ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე. - როგორ აიახება ბავშვის ფსიქიკაზე დაცინვა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სამომავლოდ ამ გამოცდილებამ? - დაცინვამ, დაშინებამ, შევიწროვებამ, რასაც ყველა უკვე ბულინგს ვეძახით, შესაძლოა ძალიან სერიოზულად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ადამიანის კეთილდღეობაზე. ჩვენ ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც დასცინიან, ავიწროვებენ, აშინებენ, არამედ მჩაგვრელების მიმართაც, ვინაიდან დიდი რისკია იმისა, რომ მათი ანტისოციალური ქცევა, დროსთან ერთად, უფრო ინტენსიური გახდება, მოიმატებს აგრესიაც. ისინი, ჩაგრული ბავშვების მსგავსად, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით და შფოთვით. ასევე აღსანიშნავია, ბავშვები, რომლებიც დამკვირვებლების როლში არიან. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს იჭერენ, შფოთვის მიზეზი შესაძლოა შიში იყოს, მათაც არ დასცინონ, ან განცდა იმისა, რომ თანატოლის დახმარება უნდოდათ და ვერ მოახერხეს. ბავშვები, რომლებსაც დასცინიან, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ხდებიან გარიყულები, იზოლირებულები და მარტოსულები. ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს არა მარტო დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ მომავალში მეგობრებთან, პარტნიორებთან, სანდო და ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაზე.
- როგორ აისახება თვითშეფასებაზე? - თვითშეფასება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ხოლო თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე უამრავი რამ ახდენს ზეგავლენას, მათ შორის ცხოვრების ისტორია, გამოცდილება, სოციალური გარემოებები და სხვების რეაქციები ჩვენზე. შესაბამისად, დაცინვა, დაშინება ცუდად აისახება მათ თვითშეფასებაზე. ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ რადგან დასცინიან, რაღაც პრობლემა აქვს, ე.ი. არ არის საკმარისად კარგი.
მახსოვს, სკოლაში რამდენიმე ბავშვმა კომენტარი გამიკეთა სიმაღლესთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ინტენსიურად დამცინოდნენ ან მავიწროვებდნენ, ეს იყო რამდენიმე უწყინარი ხუმრობა ჩემს სიმაღლეზე, თუმცა აღარ მინდოდა სკოლაში სიარული, მეგობრების ნახვა, ვიგონებდი მიზეზებს, ოღონდ სახლიდან არ გავსულიყავი. როდესაც გარეთ მიწევდა გასვლა, მეწყებოდა შფოთვა, იმის გამო, რომ ვინმე კიდევ დამცინებდა. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ერთმა სიტყვამაც შეიძლება იმოქმედოს მათ თვითშეფასებაზე და ქცევაზე.
- რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს?
- როდესაც მშობელი, მასწავლებელი ან უბრალოდ მზრუნველი პირი შენიშნავს, რომ ბავშვი დაძაბული, შეშინებული, გაღიზიანებულია, თავს არიდებს გარეთ გასვლას ან ისეთ აქტივობებში ჩართვას, რაც ადრე სიამოვნებდა, იწყებს სხვების დაცინვას ან შეშინებას, უნდა დავიწყოთ მიზეზების გარკვევა.
არ უნდა მივცეთ პირდაპირი მითითებები და რჩევები. საუბრის დროს ბავშვს უნდა შევუქმნათ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, უნდა გავგრძნობინოთ, რომ მას არ განვსჯით. ბავშვებს ხშირად უჭირთ მათთვის მტკივნეულ თემაზე საუბარი, ამიტომ მოთმინება გვმართებს! როდესაც ის დაიწყებს ისტორიის მოყოლას, არასდროს არ შევაწყვეტინოთ, მოუსმინეთ ბოლომდე და ეცადე ყველაფერი გაიგოთ სიტუაციაზე. მიზეზების გარკვევის შემდეგ უნდა განისაზღვროს დამცავი სტრატეგიები, რაც მომავალში დაეხმაარება ბავშვს.
საჭიროა მშობლების და მასწავლებლების ჩართულობა. კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები არის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. ბავშვებმა უნდა ისწავლონ ნებისმიერი საკითხის ჯანსაღად გადაწყვეტა, უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები, ჰქონდეთ სხვის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის უნარი. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ საუკეთესო სწავლების მეთოდი მაგალითის მიცემაა და ამ შემთხვევაში, მშობელმა ბავშვს უნდა მისცეს პოზიტიური მაგალითი.
მშობლებს, ბაღს, სკოლას ძალიან დიდი როლი აქვს. ერთობლივი და დროული ჩართულობით, ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგვიძლია ბავშვებს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, რათა მჩაგვრელი არ დარჩეს მჩაგვრელად და მსხვერპლი მსხვერპლად ცხოვრების ბოლომდე.