როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მშობლის და შვილის ერთმანეთისგან განსხვავება საერთოდ არ ხდება, ყოველდღიური რეალობაა ეს,“ - თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი მშობლებსა და შვილებს შორის ემოციური სიმბიოზის არსებობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი შერწყმა ბუნებრივია ორსულობის ეტაპზე, თუმცა შემდგომ აუცილებელია გამიჯვნა, მშობლისა და შვილის განსხვავება ერთმანეთისგან:
„ძალიან ხშირია, როდესაც ბავშვი აგვიანებს და არ მიდის სკოლაში დროზე, მშობელი ნერვიულობს, გეგონება თვითონ აგვიანებდეს. კონფლუენცია (შერწყმა) მშობლებსა და შვილებს შორის ქართულ რეალობაში ცალკე თემაა. არის ასეთი ცნებები: „ჩვენ ვართ მესამე კლასში,“ „ჩვენ გამოცდები გვეწყება,“ ამ დროს ერმანეთისგან საერთოდ განსხვავება არ ხდება მშობლის და შვილის. ემოციური სიმბიოზი აგრძელებს არსებობას. ცხრა თვე ბავშვი იმყოფება ემბრიონულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ემოციური სიმბიოზი ბუნებრივია ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში ეს ემოციური სიმბიოზი არ წყდება. ის რჩება და ემოციურად ეს ერთი მთელია.“
თეა გოგოტიშვილის თქმით, ემოციური სიმბიოზი ხშირია ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც:
„ახლა მე მოვიყვანე შვილების და დედების მაგალითი, რაც გამახსენდა. ყოველდღიური რეალობაა ეს. რომ დარეკავენ ხოლმე, რომ ბავშვის ჩაწერა უნდათ, ამბობენ, რომ ბავშვი სამოცი წლის არის, თვითონ დედა ოთხმოცის არის ამ დროს. ასეთივე სიმბიოზური ვითარებები იქმნება ცოლ-ქმრულ და პარტნიორულ ურთიერთობებში. ინტიმური ფიზიკური ურთიერთობა არის ჯანსაღი სიმბიოზი. ფსიქოლოგიური შერწყმა, როდესაც აღარც „მეა,“ აღარც „ის“ არის და ყველაფერი „ჩვენ“ არის, ეს, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ რეალობას ქმნის ხოლმე.“
თეა გოგოტიშვილი აცხადებს, რომ ქართულ რეალობაში მამაკაცები ხშირად ეძებენ დედების ჩამნაცვლებელ პარტნიორებს, მეუღლეები კი მათზე შვილებივით ზრუნავენ:
„ჩვენს რეალობაში ხშირად ვხვდებით, რომ მამაკაცები დედების ჩამნაცვლებელ პარტნიორს ეძებენ. ქალები ისე ზრუნავენ ამ კაცებზე, გეგონება, რომ მათი შვილები არიან. კაცებიც მათ შეჰყურებენ როგორც დედებს, სამწუხაროდ. აქ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გამიჯვნა ჩემი და მისი ემოციების უბრალოდ არ ხდება. ეს ყველაფერი არის ერთი ველი. ქალების შემთხვევაშიც არის ასე. ჩვენი ადრეული ბავშვობის გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ზოგჯერ, როდესაც ადამიანს მშობლის ნეგატიური ქცევითი გამოვლენის გამო მის მიმართ ნეგატიური ემოცია უჩნდება, ასეთ დროს პირიქით ხდება, რომ ის ეძებს საპირისპირო ადამიანს. ხშირად ისეა, რომ რაც უფრო საპირისპიროს ეძებს, სწორედ ისეთს პოულობს.“
„უკიდურესობა და საწინააღმდეგო ძალთა თანაფარდობა, შეგვიძლია თავსებადობაში მოვიყვანოთ. მაშინ ჩვენ ვძლიერდებით. როდესაც ერთ პოლუსში ვართ, აუცილებელია შევეხოთ მეორე პოლუსს. მაშინ ეს ორი პოლუსი თავსებადობაში მოდის,“ - აღნიშნავს თეა გოგოტიშვილი.