რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
იაპონელების უნიკალური და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად
ბავშვები ხშირად ჩხუბობენ ან კამათობენ. ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ გადაჭრან კონფლიქტები. სწავლის პროცესში ვერბალური ან ფიზიკური ხასიათის კონფლიქტები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩხუბი მისაღები ქცევა არ არის, რის გამოც მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის სწრაფად ჩახშობას ცდილობენ.
იაპონელი მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრას საკუთარი ორიგინალური მეთოდით ცდილობენ. აღნიშნული მეთოდი იაპონელ ბავშვებთან ეფექტიანია და ამართლებს, თუმცა ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენაც ეფექტიანი აღმოჩნდება ის სხვა ქვეყნებსა და კულტურებში.
იაპონურ მეთოდს „მიმამორი“ ეწოდება და ის ბავშვის ავტონომიურობის ზრდაზეა ორიენტირებული. მიმამორის პრაქტიკა საკმაოდ მარტივია. მასწავლებლები და მშობლები კონფლიქტის დროს ბავშვების ახლოს დგანან და მათ აკვირდებიან. ისინი ბავშვების კამათში არ ერევიან. მშობლები და მასწავლებლები არ ცდილობენ ბავშვებთან ერთად პრობლემის გაანალიზებას. ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ კონფლიქტი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.
იაპონელი მშობლები და მასწავლებლები აღნიშნული მეთოდის მთავარ უპირატესობას იმაში ხედავენ, რომ ის ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევს და პრობლემის გადაჭრის უნარს უვითარებს. როდესაც მშობლები კონფლიქტში ერევიან, ისინი ბავშვებს ხელს უშლიან კონფლიქტის მოგვარება თავად სცადონ და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინონ.
კონფლიქტში მშობლის ჩარევა ხშირად იწვევს ბავშვებისთვის იარლიყების მიკერებას. ზოგიერთი ბავშვი დამნაშავედ ცხადდება, ზოგიერთი კი - უდანაშაულოდ. როდესაც მშობლები თავს იკავებენ კონფლიქტში ჩართვისგან, ბავშვები კარგ გაკვეთილს იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტით პრობლემების მოგვარება არასწორია. ბავშვები მიღებული გამოცდილებიდან ბევრ რამეს სწავლობენ, რაც მათთვის ძალიან სასარგებლოა.