Baby Bag

ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ ნაკლებად მიდრეკილები არიან

ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ ნაკლებად მიდრეკილები არიან
თანამედროვე ადამიანები შვილის გაჩენაზე ფიქრს საკმაოდ გვიან იწყებენ. 1970-იან წლებში ქალბატონები პირველ შვილს საშუალოდ 21 წლის ასაკში აჩენდნენ, დღეს აღნიშნული ასაკი 26 წლამდე გაიზარდა. 1972 წლისთვის მამაკაცების უმრავლესობა მამა პირველად 27 წლის ასაკში ხდებოდა, თანამედროვე სამყაროში მოცემული ასაკი 31 წლამდეა გაზრდილი. ალბათ, გაინტერესებთ, თუ რომელია უკეთესი: შვილის ყოლა უფრო ახალგაზრდა ასაკში თუ აღნიშნული გადაწყვეტილების შედარებით გვიან მიღება? ერთ-ერთ უახლეს კვლევაში მეცნიერები სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ და დაასკვნეს, რომ შვილების ზრდასრულ ასაკში გაჩენა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მშობლობის გამოცდილების ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე მიღება.

მეცნიერებმა ნიდერლანდებში 10-12 წლის ასაკის 32 000 ბავშვის პრობლემური ქცევა გამოიკვლიეს. ბავშვების ქცევის შესაფასებლად მათ დედები, მამები, მასწავლებლები და თავად ბავშვები გამოკითხეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო დიდი ასაკის მშობლები ჰყავდა ბავშვს, მით ნაკლებად იყო ის მიდრეკილი პრობლემური ქცევის გამოვლენისა და აგრესიისკენ. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შედარებით ასაკოვან მშობლებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ და მათი განათლების დონეც გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა მშობლების. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვის პრობლემური ქცევა მშობლების მატერიალურ შემოსავლებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში არ არის.

არ დაგავიწყდეთ !!!

Mom​sEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

აღნიშნული კვლევის ჩატარებამდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერებმა უამრავი კვლევა შემოგვთავაზეს, რომლებიც უმეტესად ასაკოვანი მამების შვილებში აუტიზმისა და შიზოფრენიის განვითარების რისკებს აფასებდნენ, ხოლო ასაკოვან ქალბატონებში მძიმე სიმპტომებით მიმდინარე ორსულობებს უსვამდნენ ხაზს. ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ საპირისპირო შედეგები აჩვენა. მკვლევარები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მათ ასაკის მატების გამო შვილების ყოლის არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ასაკოვანი მშობლების შვილები პრობლემური ქცევისკენ მიდრეკილებას ნამდვილად არ ამჟღავნებენ. კვლევამ მშობლების ასაკის მატებასა და ბავშვების შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობებისკენ მიდრეკილების ზრდას შორის კავშირი ვერ გამოავლინა. 

მომზადებულია ​news4jax.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

წაიკითხეთ სრულად