Baby Bag

ყველი პატარას შეგიძლიათ, 7-8 თვის ასაკიდან გაასინჯოთ, თავიდან სულ ცოტა შესთავაზეთ, შემდეგ კი დაახლოებით 20-30 გრამი - პედიატრის რჩევები

ყველი პატარას შეგიძლიათ, 7-8 თვის ასაკიდან გაასინჯოთ, თავიდან სულ ცოტა შესთავაზეთ, შემდეგ კი დაახლოებით 20-30 გრამი - პედიატრის რჩევები
მივცეთ თუ რა ჩვილს ყველი, ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თუ რაიმე სასარგებლო ნივთიერება არსებობს რძეში, ყველაფერი ყველშია! კალციუმისა და ფოსფორის, ვიტამინებისა და ცილის ეს წყარო იდეალური საკვებია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, ოღონდ იდეალურია მაშინ, როცა ასაკიც სწორადაა განსაზღვრული, ყველიც შესაბამისად შერჩეული და მისი მომზადების და შენახვის ყველა წესი დაცულია. ყველის შემადგენლობში შემავალი ფოსფორი და კალციუმი ისეთი თანაფარდობითაა განაწილებული, რომ ხელს უწყობს კალციუმის სრულყოფილად ათვისებას. ეს კი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისათვის.

ყველის შემადგენლობაში სხვა მინერალებიცაა - ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, სელენიუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.

​ამ პროდუქტის ვიტამინური შემადგენლობაც აუცილებლად მოგეწონებათ - A, E ვიტამინები ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას, იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან და სასიცოცხლოდ აუცილებელია პატარას ზრდა-განვითარებისათვის, ისევე როგორც დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

​ცალკე გამოვყოთ D ვიტამინი - არამარტო ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის საჭირო ნუტრიენტი, არამედ პრაქტიკულად ფართო ზემოქმედების უნარის მქონე ჰორმონი, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს რომ წარმართავს.

ყველის შემადგენლობაში არსებული სფინგოლიპიდები უჯრედული მემბრანების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რაც უჯრედებს დაზიანებისაგან იცავს.

ყველის შემადგენლობაში შემავალი ცილები ადვილად ასათვისებელია და შეიცავს შეუცველელ ამინომჟავებს, რომელბიც ჩვენს ორგანიზმში არ სინთეზირდება და საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ.

ყველის მიღება დასაშვებია ლაქტოზის აუტანლობისას, რადგან რძის გადამუშავების პროცესში ლაქტოზას შემცველობა მინიმალურია. რძის ცილაზე ალერგიის შემთხვევაში კი ყველის მიღებისას ალერგია შესაძლოა, გამწვავდეს. ამიტომ ექიმთან შეთანხმების გარეშე მის მიღებას არ გირჩევთ.

​ყველის შემადგენლობაში არსებული სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებას, ხოლო თავად მიკრობიოტას როლი განუზომელია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში.

ყველი არ არის ძირითადი საკვები. ის შეგიძლიათ წასახემსებლად ან სულაც ძირითად საკვებთან ერთად კომბინციაში მისცეთ პატარას. ამ გზით არამარტო სასარგებლო ნუტრიენტებს მიაწვდით ბავშვის ორგანიზმს, არამედ ხელს შეუწყობთ ახალი გემოს გაცნობა-გამრავალფეროვნებას და გემოვნების რეცეპტორების განვითარებას.

ვირჩევთ ყველს - როდიდან, როგორი, რამდენი?

ამ საკითხისადმი მიდგომა გნსხვავებულია. ზოგი წყარო თვლის, რომ 1 წლამდე არ ღირს ყველის გასინჯვა, ზოგი 10 თვიდან უწევს რეკომენდაციას, მე კი აშშ პედიტრიის აკადემიის რეკომენდაციას ვითვალისწინებ - ყველი პატარას შეგიძლიათ, 7-8 თვის ასაკიდან გაასინჯოთ. თავიდან სულ ცოტა, შემდეგ კი დაახლოებით 20-30 გრამი შესთავაზეთ.

​ბაზარზე არსებობს ორი ტიპის ყველი - ნატურალური და მდნარი. ეს უკანასკნელი პატარას არ უნდა მისცეთ, რადგან ის ყველის გარდა ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს დანამატებს, მარილს შეიცავს, თუმცა ძალიან გემრიელია.

საბავშვო ყველი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს.

ნატურალური ყველი მიიღება რძის ფერმენტული დუღილის ზეგავლენით და შესაბამისად, მასში ნარჩუნდება ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ბავშისათვისაა აუცილებელი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველი უმარილო უნდა იყოს ან მინიმალური რაოდენობით შეიცავდეს მას. მოგეხსენებათ, ყველს მარილს კონსერვაციის მიზნით უმატებენ.

არ შეიძლება იმ ყველის მიცემა, რომელიც სოკოს გამოყენებით მზადდება (ობიანი ყველი), თუმცა ძალიან გვეგემრიელება უფროსებს. მოკლედ, ბრი, როკფორი, გორგონძოლა პატარებისათვის აკრძალულია.

არ შეიძლება შებოლილი ყველი.

რეკომენდებულია ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ყველის გამოყენება, რომელიც გემრიელიცაა, იდელური ტექსტურა აქვს და არც მავნე მინარევებს შეიცავს.

​დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველი პასტერიზებული რძისაგან უნდა იყოს მომზადებული.

​არაპასტერიზებული რძისაგან მომზადებული ყველი შესაძლოა, დაავადების გამომწვევ საშიშ ბაქტერიებს შეიცავდეს, მაგალითად, ლისეტრიებს, ეშერიხია კოლის, ბრუცელებს, სალმონელებს.

მოამზადეთ ბოსტნეულის გემრიელი პიურე ყველით

1 საშუალო ზომის ბატატი ან კარტოფილი და 1 სტაფილო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ. თუ ხარშვისას წყლის დამატება დაგჭირდათ, ისევ მდუღარე წყალი ჩაუმატეთ. მოხარშვის შემდეგ დააბლენდერეთ 20-30 გრამ პასტერიზებული რძისაგან დამზადებულ ან რომელიმე საბავშვო ყველთან ერთად, გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით“.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა, - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის ბლ​ოგს

„იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს:

  • შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბარდაში დიდი რაოდენობით ფოლატებია, რაც ხელს უწყობს სიხლწარმოქმნის პროცესს.
  • შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
  • მის შემადგენლობაშია კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რაც მზარდ ძვალს სჭირდება.
  • შეიცავს ანტიქსოდანტებს, რაც უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
  • ბარდა მდიდარია ადვილადასათვისებელი ცილებით, რაც მისი მთავარი ღირსებაა, ცილა კი ბავშვის მზარდი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
  • ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობა ბარდას ნაწლავის მიკროფლორისთვის საყვარელ საკვებად აქცევს, იმავე მიზეზის გამო პატარას ნაწლავთა მოქმედება რეგულარულია.
  • შეიცავს კარბოჰიდრატებს, თუმცა დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
  • იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია.
  • თუნდაც იმიტომ, რომ ლამაზი მწვანე ფერი აქვს და გემოსთან ერთად წუნია პატარებსაც იზიდავს.
  • იმიტომ, რომ ჰიპოალერგიულია.
  • იმიტომ, რომ დაბალკარორიული პროდუქტია.
  • ამავდროულად, პროტეინებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადვილად იწვევს ნაყროვანებას და ხელს უშლის წონის მატებას.
  • იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია როგორც მონოპიურეს სახით, ისევე სხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად.
  • იმიტომ, რომ ცნობილია, ბარდა იმ პროდუქტთა შორისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული პესტიციდებით, ამიტომ ორგანული პროდუქტის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა აუცილებლობაზე.

როგორ ავარჩიოთ?

შეარჩიეთ საშუალო ზომის, გლუვი, დაუზიანებელი ბარდის მარცვლები. გახსოვდეთ, რომ საშუალო ზომის ბარდა უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის, რომელიც ფორმა-ზომებით უფრო მომხიბვლელად შეიძლება გამოიყურებოდეს. ჩვილის კვებისათვის არ გამოიყენოთ დაკონსერვებული ბარდა.

როგორ მოვამზადოთ სასარგებლო და მარტივი ბარდის პიურე 7 თვის ასაკიდან ჩვილისათვის?

მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა მდუღარე წყალში. ხარშვისას დაუმატეთ 1 ძირი ოხრახუში, რაც ბარდას დამატებით არომატს მისცემს. დააბლენდერეთ დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.“
წაიკითხეთ სრულად