Baby Bag

კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ

კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ

პედიატრი ​თამარ ობგაიძე კურდღლის ხორცის სასარგებლო თვისებებეზე საუბრობს და მშობლებს გემრიელ რეცეპტსაც სთავაზობს. 

როგორც პედიატრი აღნიშნავს, კურდღლის ხორცის ცილოვანი შემადგენლობა უნიკალურია, შეიცავს ყველა შეუცველელ ამინომჟავას და რაც მთავარია, ადვილად შეითვისება პატარა ორგანიზმის მიერ. ცილა კი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, რაც ბავშვს ზრდისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით სჭირდება. კურდღლის ხორცი სხვა სახის ხორცთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა

თამარ ობგაიძის თქმით, იმის გამო, რომ კურდღლის ხორცი არ შეიცავს ალერგიულ ნივთიერებებს, ყველაზე ალერგიულ პატარებსაც შეიძლება გაასინჯოთ.

კურდღლის ხორცი საუკეთესო ვარიანტია 6,5 - 7 თვის ასაკიდან.

„დასაწყისისათვის საკმარისია დღეში 50 გრ ხორცი, 10-11 თვისათვის კი 70 გრ-მდე შეგიძლიათ გაზარდოთ, ხოლო 1 წლის ზემოთ 80-100 გრამი ხორცი დღიურად სრულიად საკმარისია ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,“ - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 

კურდღლის ხორცის მომზადება ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ.

ექიმით რეკომენდაციით, კურდღლის ხორცი სჯობს მდუღარ წყალში ჩადოთ და ისე მოხარშოთ. ასე ის ყველა სასარგებლო ინგრედიენტს შეინარჩუნებს.

ურდღლის ხორცს მოხარშვისათვის 30-40 წთ სჭირდება. მისი დიდხანს ხარშვა სასარგებლო ნივთიერებების დაშლას და ხორცის სტრუქტურის შეცვლას გამოიწვევს - რეზინივით დრეკადი ხდება.

იხილეთ რეცეპტი, რომლითაც თქვენს პატარას გემრიელ სადილს მოუმზადებთ.

გუფთა ბრინჯით, ბოსტნეულით და ყველით 10 თვის ასაკიდან:

მასალა - ¼ ჭიქა გარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, 0,5 კგ გატარებული კურდღლის ხორცი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო და 2-3 ნაჭერი ყაბაყი, რამდენიმე ღერი ოხრახუში, 1 კვერცხის გული.

ბრიჯი მოამზადეთ ორთქლზე ბოსტნეულთან ერთად. ხორცი მოხარშეთ მწვანილთან ერთად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარში შეურიეთ მომზადებული ბრინჯისა და ბოსტნეულის მასას, დაამატეთ კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო ზომის გუნდები. დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ჰაერღუმელში.

გემრიელად მიირთვით 💜

შეიძლება დაინტერესდეთ

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად