Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი უნდა იყოს სასკოლო ასაკის ბავშვის კვება? - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სასკოლო ასაკის ბავშვების კვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შემოდგომაზე უკვე ბავშვები მიდიან სკოლაში. ამ დროს მათი წლიური ავადობის ჯერადობაც იმატებს. ისინი ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში არიან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები სწორად იკვებებოდნენ, სწორად იღებდნენ ბალანსირებულ საკვებ ნივთიერებებს, მიკრონუტრიენტებს, მაკრონუტრიენტებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. უფრო ადვილად გაუსწორდნენ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

საკმაოდ ხშირად მშობლები მოგვმართავენ, რა დავუნიშნოთ იმუნიტეტისთვის ბავშვებს. ყველაზე კარგი იმუნიტეტის სამკურნალო საშუალება არის სწორი, ბალანსირებული კვება, თავისი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ბუნებრივი ვიტამინებით.

სეზონურად აუცილებელია, რომ ბავშვმა იგივე ყაბაყი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა  თითქმის ყოველდღიურ რაციონში მიიღოს. ეს უნდა იყოს სწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტები. B,C ჯგუფის და წყალში ხსნადი ვიტამინები როგორც მოგეხსენებათ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული.

აუცილებელია პროდუქტი მომზადებისას არ მივიყვანოთ მაღალ ტემპერატურამდე, 100 გრადუსამდე. დიდხანს არ მოვხარშოთ პროდუქტები, არ ვათუხთუხოთ და არ დავწვათ. ყაბაყი ხშირად ორივე მხარეს ისეა დამწვარი, ეს მიუღებელია. დაბრაწულს შეიძლება უფრო კარგი გემოც ჰქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაწვამდე არ მივიყვანოთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროდუქტების სეზონურობა. სეზონური პროდუქტებით დამზადებული საკვები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ სხვადასხვა სილამაზით გამზადებული, სწორად დამუშავებული შევთავაზოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად