Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ხშირად ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი ჩუტყვავილას დროს!“ პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით,“- პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ჩუტყვავილას დროს ბავშვის მოვლის წესებსა და იმ გართულებებზე ისაუბრა, რომელიც ინფექციას შეიძლება ახლდეს:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგადად ბავშვთა ინფექციები ბავშვთა ასაკში ემართებათ, თუმცა დიდებსაც შეიძლება დაემართოთ, იმიტომ, რომ თუ არ აქვს ადამიანს ბავშვობაში მოხდილი, გადამდებია. ყველა ბავშვთა ინფექციას ახასიათებს გართულებები. ჩუტყვავილას დროს მისი გადამდებლობა ძალიან მაღალია. წითელას შემდეგ ის მეორე ადგილზეა. მისი გადამდებლობის ინდექსი არის 12, რაც ნიშნავს, რომ ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია სწრაფად დაავადოს 12 ადამიანი.

ჩუტყვავილას გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ასევე გამონაყარში არსებული ბუშტუკების შიგთავსის მოხვედრისგან. მისი ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. კონტაქტიდან სანამ გამონაყარი დაიწყება ადამიანი გადამდებია რამდენიმე დღით ადრე. ბოლო გამონაყარიდან ფუფხი როდესაც გაჩნდება კიდევ 5 დღის განმავლობაში არ არის სასურველი, რომ ბავშვთა კოლექტივში წავიდეს ასეთი ბავშვი.

ჩუტყვავილა განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. გართულებები ახასიათებს იმუნოკომპომეტირებულ ან თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს. გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულება არის ენცეფალიტი. შესაძლებელია ყველაზე ხშირად განვითარდეს რბილი ქსოვილების ინფექცია, ბუშტის შიგთავსი შეიძლება დაინფიცირდეს, ბავშვმა ხელი მოჰკიდოს და ინფექცია შეეჭრას. ძალიან ბევრისგან გამიგონია, რომ მშობლებს ვიღაცები ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი!“ არავითარ შემთხვევაში! პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ უნდა წავუსვათ ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე აღარ არის ხმარებაში, რადგან ის სურათს გვიშლის და მწვანე შეფერილობის ქვეშ ვერ ვხედავთ, როგორი მდგომარეობა აქვს ფუფხებს. თუ ბავშვი არის იმუნოკომპომეტირებული ან ადამიანი არის მოზრდილი, შესაძლოა, ექიმმა დაუნიშნოს ჰერპესის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ენცეფალიტი დადასტურდა, იქ აუცილებლად საჭიროა ინტრავენური ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელიც ორკვირიან კურსს გულისხმობს,“- მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად