Baby Bag

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

„ჩვენ უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს,“ - კიევში უკრაინელმა წყვილმა ომის დროს დაქორწინება გადაწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეებში ჩატარებული საქორწინო ცერემონია უკრაინელი წყვილის საოცნებო ქორწილისგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა მათ დაძაბული ვითარების ფონზე სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილის დღეს ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. მიუხედავად ამისა იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი მაინც დაქორწინდნენ.

„ეს ძალიან საშიში იყო. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ქუჩაში გადიხარ და განგაშის ხმა გესმის,“- აღნიშნა იარინა არიევამ.

წყვილს ქორწილი მაისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მათი გეგმები ომის დაწყებამ შეცვალა. გაურკვეველი მომავლის შიშით, შეყვარებულებმა სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტეს.

„ვითარება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ჩვენ დავიღუპოთ. მანამდე კი უბრალოდ ერთად ყოფნა გვსურს. იქნებ რუსეთი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ქორწინება ნორმალურად ავღნიშნოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უსაფრთხო, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ რუსების გარეშე,“- განაცხადა არინა არიევამ.

წყარო: ​edition.cnn.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანი, რომელიც მარჯვნივ გადახრილად წერს ტექსტს, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიდრეკილი,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„ადამიანი, რომელიც მარჯვნივ გადახრილად წერს ტექსტს, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიდრეკილი,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ხელწერის ფსიქოლოგიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელწერა ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება:

„ჩვენ ბევრი ხელნაწერი შევისწავლეთ უკვე, თუნდაც ძველი, მაგალითად გალაკტიონ ტაბიძის ხელნაწერების ექსპერტიზასაც ვაკეთებდით, მისი ფსიქოტიპის დასანახად ინტერესიდან გამომდინარე. თითოეული ადამიანის ფსიქოტიპი განსხვავდება თითოეული ასოს მოყვანილობის, წერტილის დასმის სიტუაციაში. გარდა ამისა, თუ ვხედავთ ადამიანი როგორ წერს და იმ მომენტში ვაკვირდებით, ვხედავთ სად აკეთებს პაუზას, რომელი ასოს მოყვანილობისას სჭირდება პაუზა და რა პრობლემაა: შეიძლება ეს იყოს ემოციების დეფიციტი, მოთხოვნილება, რომ „დამინახე.“ ხშირ შემთხვევაში ხელმოწერიდან გამომდინარე ვაკეთებთ ზოგად დიაგნოსტიკას, როგორი ტიპის არის ეს ადამიანი, სად აქვს ლიდერული თვისებები, რა შეიძლება იყოს მისი ინტერესის სფერო. დამსაქმებლებისთვისაც ხშირად ყოფილა საინტერესო: რამდენად ღირს ამ კადრის აყვანა სამსახურში?

ძალიან ხშირად არის მომართვა წყვილების მხრიდანაც. 2014 წლიდან ჩემი აქტიური ფსიქოთერაპიის ნაწილია, როდესაც მოდიან წყვილები და ამბობენ, რომ მე ასე ვწერ, ეს ჩემი შეყვარებულის წერილია და მოდი, გავაკეთოთ დიაგნოსტიკა. ასეთ დროს ყოველთვის ძალიან ვცდილობ, რომ ვთქვა უარი. როდესაც ორი ადამიანი ერთად მოდის, შეიძლება მათ ემოციურობაზე საუბარი, მათ ერთმანეთთან კონტაქტზე საუბარი. არის ხოლმე დიაგნოსტიკა, რამდენად მფლანგველია ადამიანი, რამდენად უყვარს ახალი ნივთების შეძენა, ესეც ჩანს ხოლმე ხელნაწერში.

ადამიანებს, რომლებიც ძალიან წვრილად წერენ, ყოველთვის უფრო მეტი შფოთვის დონე აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც მსხვილი ასოებით წერენ. შფოთვის დონე ჩანს დახრილობაშიც. თუ უფრო მეტად მარჯვენა მხარეს არის დახრილი ტექსტი, ვსაუბრობთ, რომ უფრო მაღალია შფოთვის დონე, უფრო დეპრესიულობისკენ არის მიმართული ადამიანი. თუ ასოები არ არის დამთავრებული და შეკრული, აქ არის ემოციური დეფიციტები,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად