Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავიცვათ ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდნისგან?

როგორ დავიცვათ ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდნისგან?

​​მშობლები სახლში უსაფრთხოების წესებს განსაკუთრებით იცავენ. ისინი ყველა კუთხეს და ოთახს მაქსიმალურად უსაფრთხოს ხდიან. მიუხედავად ამისა, ბევრ მათგანს ავიწყდება, რომ პატარებისთვის ყველაზე სახიფათო შეიძლება იყოს ფანჯარა.

ბავშვების 25 %, რომელიც ფანჯრიდან ვარდება საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს, მათი უმრავლესობა კი ტრავმირებული რჩება. ფანჯრიდან გადავარდნა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის არ არის საფრთხე, რომლებიც მაღალ სართულებზე ცხოვრობენ. უმეტესად ფანჯრიდან ის ბავშვები ვარდებიან, რომლებიც უფრო დაბალ სართულებზე ცხოვრობენ. შემთხვევების უმრავლესობა 2-3 წლის ბავშვებში ხდება. როგორც წესი, ამ დროს ახლოს არიან უფროსებიც, რომლებიც საფრთხის მასშტაბებს ვერ აცნობიერებენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის.

​ბავშვის ფანჯრიდან გადავარდნის თავიდან აცილება პრევენციული ღონისძიებების გატარებით სავსებით შესაძლებელია. ჩვენს სტატიაში მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკეთ შეძლებთ.

  • ფანჯრები საგულდაგულოდ ჩაკეტეთ, როდესაც მათი გაღების საჭიროება არ არსებობს

ფანჯრებს ყველაზე ხშირად ​ზაფხულში ან გაზაფხულზე ვაღებთ. ამ პერიოდში ბავშვის უსაფრთხოების მიზნით ფანჯრის დაკეტვა მშობლებს ხშირად ავიწყდებათ. ისინი უსაფრთხოების სხვა ზომებზე მეტად არიან გადართულები. თუ ფანჯრის გაღება აუცილებელი არ არის, ის საგულდაგულოდ ჩაკეტეთ. არასდროს გახვიდეთ ოთახიდან, თუ ფანჯარა ღიაა.

  • ნუ იფიქრებთ, რომ მწერებისგან დამცავი ბადე ბავშვს გადავარდნისგან დაიცავს

მწერებისგან დამცავი ბადე ნამდვილად დაგეხმარებათ სახლის შიდა სივრცის მწერების თავდასხმისგან დაცვაში, თუმცა ის ნამდვილად ვერ შეძლებს ​ბავშვის შეკავებას, თუ ის ფანჯარაზე ავა. თუ ღია ფანჯარასთან ბავშვის დატოვება გაშინებთ და გაცნობიერებული გაქვთ საფრთხე, რომელიც მას მოელის, იგივე დამოკიდებულება შეინარჩუნეთ მაშინაც, როდესაც ფანჯარა ღიაა, მაგრამ მწერების ბადე გაქვთ გაკრული. ეს უსაფრთხოების გარანტიას საერთოდ არ იძლევა.

  • ფანჯრებს დამცავი დარაბები ან გისოსები დაუყენეთ

მსგავსი მოწყობილობების გამოყენება ბავშვს ფანჯრიდან გადავარდნისგან მაქსიმალურად დაიცავს. ორივე მოწყობილობა ბავშვისთვის არ ტოვებს ისეთ სივრცეს, რომელშიც ის თავისუფლად გაეტევა. შეგიძლიათ, სპეციალური ფანჯრის ჩამკეტიც შეიძინოთ, რომელიც ბავშვს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ფანჯარა სრულად გააღოს.

  • შეიძინეთ ორგანყოფილებიანი ფანჯრები

​უსაფრთხოების მიზნით, გირჩევთ ისეთი ფანჯრები დაამონტაჟოთ, რომლის ზედა და ქვედა ნაწილი ერთნაირად გადაადგილდება, მათი ჩამოწევაც შეიძლება და აწევაც. ოთახის განიავებისას ზედა ჩარჩო ჩამოსწიეთ, რომელსაც ბავშვი ვერ მისწვდება. ეს მას საფრთხისგან მაქსიმალურად დააზღვევს.

  • ფანჯრის წინ სივრცე გაათავისუფლეთ

მოტორული უნარების განვითარების საწყის ეტაპზე ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ სიმაღლეებზე ცოცვას. ბავშვები მოულოდნელობებით არიან სავსე. ისინი სწაფად გადაადგილდებიან და იმის წინასწარმეტყველება, თუ რას გააკეთებს ​ბავშვი მეორე წამს, შეუძლებელია. თუ ფანჯარასთან ტუმბოს, მაგიდას ან სკამს დადგამთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა მათზე აცოცება სცადოს, რაც უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ყოველთვის მზად უნდა იყოთ ბავშვის მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვის და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვათ.

მშობლებო, მხოლოდ საკუთარი თავის და ყურადღების იმედად არ უნდა იყოთ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თავად ფანჯარა და მისი მიმდებარე მონაკვეთი მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ იქცეს.

მომზადებულია ​rightasrain.uwmedicine.org - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად