Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

„ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე. ეს იწყება ორულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან“, - ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა - მაია სურვილაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„ძუძუთი კვებას ალტერნატივა არ აქვს, რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს, ანალოგი არ შექმნილა და არც შეიქმნება. სულ არის ამის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მიუახლოონ ეს ფორმულები ერთმანეთს, ნელ-ნელა იხვეწება ეს ყველაფერი, დადგება დრო - როდესაც მაქსიმალურად მიუახლოვდება, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. ყველა დედა უნდა ეცადოს, საკუთარი შვილი თავისი რძით გამოკვებოს. მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ძუძუთი კვება შეუძლებელია. ეს შეიძლება, იყოს გამოწვეული როგორც დედისგან, ისე - ბავშვისგან. ბავშვის მხრივ, არსებობს სხვადასხვა გენეტიკური დაავადება, როდესაც საერთოდ არ შეიძლება მისთვის ძუძუთი კვება. როდესაც ბავშვი არის ძალიან მცირე წონის, ერთ კილოგრამზე ნაკლები დაიბადა და ა.შ. მას სჭირდება სპეციალური საკვები. დედის მხრიდან ლაქტაციას უკუჩვენება აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მას აქვს, მაგალითად, შიდსი, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა - ეს არის აბსოლუტური უკუჩვენება, ხოლო როდესაც  ის სხვადასხვა მედიკამენტს იღებს - საუბარი არ არის ყველა მედიკამენტზე - ან დედას აქვს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, მაშინ დროებით ძუძუთი კვება შეუძლებელია. 

არის ასეთი დიაგნოზი - ძროხის რძის ცილის აუტანლობა - როდესაც ბავშვი ძუძუზეა, ის მას არ უნდა მოვწყვიტოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დედის კვებაში კორექტირების შეტანა - მისი მენიუდან უნდა ამოვიღოთ რძის პროდუქტები, დავაკვირდეთ ბავშვს. რძის აუტანლობა შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, დედის კვება უნდა მოწესრიგდეს. 

რაც უფრო მეტ არაალერგიულ საკვებს მიიღებს დედა, მას ბავშვიც სინჯავს და უფრო მეტად მრავალფეროვანი გემოვნება უყალიბდება. არავითარ შემთხვევაში, 17 კვირაზე ადრე არ უნდა მოხდეს ჩვილის გადაყვანა მყარ კვებაზე. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ იქამდე ბავშვი არ არის მზად, სწორად მიიღოს ის და შეძლოს გადამუშავება, ნებისმიერი საკვების - იქნება ეს ხილი, ბოსტნეულის პიურე თუ სხვა. ასევე, არ უნდა დაგვიანდეს - 27 კვირას არ უნდა გადაცდეს. ეს არის იდეალური დერეფანი - 17-დან 27 კვირამდე“, - აღნიშნა მაია სურვილაძემ. 

წყარო: ,,​იმედის დილა"

წაიკითხეთ სრულად