ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ინდოეთში გავრცელებული დაავადების, ე.წ. შავი სოკოს შესახებ ისაუბრა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაასახელა:
„ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრ ადამიანს დაემართა ე.წ. „შავი სოკო.“ „შავი სოკო“ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეც. შემთხვევათა ნახევარში ის მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. „შავი სოკოს“ გამომწვევი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ეს სოკოები არის ყველგან. უფრო მეტად ის გავრცელებულია ინდოეთში. ეს ინფექცია ინდოეთში 80-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში ის არ გვქონია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ეს არის სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უზიანდება თვალბუდეები, ცხვირის ღრუ. შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის დანეკროზება, კვდომა. შესაძლოა, იყოს სასის პერფორირებაც.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, „შავი სოკო" უფრო მეტად გავრცელდა მას შემდეგ, რაც კოვიდი გაჩნდა:
„ამ სოკოვან დაავადებას ჰქვია მუკომიკოზი. ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა. რისკ-ფაქტორები, რომ ადამიანს მუკომიკოზი დაემართოს, შეიძლება იყოს კოვიდ 19, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან და გასულია სულ რაღაც რამდენიმე დღე ან კვირა. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ მკურნალობს შაქრიან დიაბეტს. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ლიმფომა, ორგანოების გადანერგვა, სტეროიდების ძალიან ხანგრძლივად გამოყენება, თირკმლის უკმარისობა, ციროზი, სიმსივნეები (უფრო ხშირია ფილტვის მუკომიკოზი), მალნუტრიცია, ტუბერკულოზი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა სხეულში, ნეიტროფილების რაოდენობის დავარდნა.“
„ეს ინფექცია იწყება ან პირის ღრუში, ან ცხვირში. ასე აღწევს სოკო ჩვენს ორგანიზმში. თვალბუდეების გავლით ის აღწევს საკუთრივ თავის ტვინს. თავიდან პაციენტს აქვს სახის ცალმხრივი მტკივნეულობა, განსაკუთრებით წიაღების პროექციაზე. შემდეგ სოკოს მიერ გამოწვეული თრომბი სისხლძარღევს ახშობს. ქსოვილები ვეღარ იკვებება, ვერ იღებს სისხლს, კვდება და ნეკროზდება. ქსოვილები შავდება, ამიტომაც ჰქვია ამ ინფექციას „შავი სოკო." პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი, ძალიან მალე ეზრდება ტემპერატურა. თუ დროული ჩარევა არ მოხდება, შეიძლება სოკომ შეაღწიოს თავის ტვინში და გამოიწვიოს კომა. ინდოეთში ბევრ ადამიანს თვალები ამოუღეს, რომ ხელი შეშლოდა ინფექციის თავის ტვინში გავრცელებას. თუ სოკო აზიანებს ფილტვებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლიანი ხველა. ეს სოკოვანი ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.
წყარო
წაიკითხეთ სრულად