Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან, შესაძლოა, აუტიზმთან იყოს საერთო,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე

ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ვირტუალური აუტიზმის შესახებ საუბრობს, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული დაავადება არ არის. სოფო ბახტაძის თქმით, ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში აუტიზმის მსგავს ქცევით დარღვევებს იწვევს:

„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, რომ ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. თუმცა ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.“

სოფო ბახტაძე ეკრანდამოკიდებულების უმთავრეს უარყოფით ეფექტად სოციალურ იზოლაციას მიიჩნევს:

„ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, რომ ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ფრთხილად და ძალიან ყურადღებით, რომ მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში.“

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად