Baby Bag

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

17 წლამდე ბავშვები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად