Baby Bag

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა წავიკითხოთ

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა წავიკითხოთ

დღეს, 7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარებას აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

ეს ტროპარ-კონდაკი უნდა წავიკითხოთ ხარების დღესასწაულზე:

ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას , რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

კონდაკი: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვირას გავხსნით უფასო მაღაზიას, საიდანაც ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ საკვებს უფასოდ წაიღებენ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„კვირას გავხსნით უფასო მაღაზიას, საიდანაც ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ საკვებს უფასოდ წაიღებენ,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის Facebook გვერდის ონლაინ ჩართვაში ჭავჭავაძის 33 ნომერში, ეკლესიის ეზოში კვირიდან უფასო მაღაზიის გახსნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უჭირთ მაღაზიიდან პროდუქტებს და ტანსაცმელს უფასოდ მიიღებენ:

„კვირიდან ვაპირებთ, რომ უფასო მაღაზია გავხსნათ. ახალ ზელანდიაში 2010 წელს დაწესდა ეს წესი, როდესაც მოსახლეობამ გადაწყვიტა უფასო მაღაზია გაეხსნათ. ადამიანებს იქ მიაქვთ საკვები, ტანსაცმელი. ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, უნაწილდებათ. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. კვირას 11 საათზე გავხსნით ამ მაღაზიას. ჩვენი მრევლის წევრი თამარი დადგება და დაურიგებს ადამიანებს საკვებს, ტანსაცმელს.

ადამიანები მოიტანენ უფუჭებელ საკვებს, მაკარონს, ზეთს. იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირთ, მოვლენ და წაიღებენ აქედან პროდუქტებს და ტანსაცმელს. ის ადამიანები, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მოიტანენ პროდუქტებს და ტანსაცმელს. თქვენი დახმარება ძალიან დაგვჭირდება. გვინდა, რომ ეს მარტო ჩვენს ტაძრში არ იყოს. გვინდა, რომ ეს უფასო მაღაზიები ქალაქის ყველა უბანში გაიხსნას, საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში გაიხსნას. ადამიანები, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ ადამიანებს შეეწიონ, დაეხმარონ მათ და ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, მოვიდნენ და ეს ყველაფერი წაიღონ აქედან. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმეში,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად