„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კორონავირუსის პანდემია სუსტდება ცხელ და ნოტიო ატმოსფეროში, მის შესუსტებას ასევე ხელს უწყობს მზის სხივები.
„ჩვენი დაკვირვების შედეგად, ნათელი ხდება რომ მზის სხივებს მძლავრი ეფექტის მოხდენა შეუძლია კორონავირუსის შესასუსტებლად, როგორც ზედაპირზე ასევე ჰაერში,“- განაცხადა შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ბილ ბრაიანმა.
მეცნიერებს გაუჩნდათ მოსაზრება, რომ შესაძლებელია ახალი კორონავირუსი ტემპერატურის მატებასთან ერთად, ანუ ზაფხულის მოსვლასთან ერთად დასუსტდეს.
„ჩვენ მსგავსი ეფექტი ვნახეთ ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ტემპერატურის ან ტენიანობის, ან ორივეს ერთად მატება ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელია“ - დასძინა ოფიციალურმა პირმა და საზოგადოებას წინასწარი კვლევის შედეგები წარმოუდგინა.