„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა''
პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რასაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე.ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა: სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, #დარჩისახლში'' - აღნიშნავს პედიატრი.