„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ''
,,არავის არ გამოეპარა, ეს ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდინფექციის დროს,'' - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან ბათუმში 41 წლის ქალის თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.