Baby Bag

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!" მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი..“

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!" მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი..“

„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: ,,ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!" მაშინ თავისუფალ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება. ჰოდა, რადგან სასწრაფო გამოდგა, პირველივე ტაქსი გავაჩერე და წავედი. მანქანა მოკრძალებული იყო, მძღოლი ნაკლებად - დიდად მოსაუბრე კაცი გამოდგა, რა გასაკვირია და. 


თუმცა არც გამაღიზიანებელი და არც ზერელე საუბარი ყოფილა ეს ლაპარაკი - წლობით მეზღვაურად ნამუშევარი, დიდი ჭირის მნახველი და დამძლევი, წიგნების მცოდნე და მკითხველი გამოდგა ბატონი გოგი - ჰემინგუეიო, თომას მანიო, ვაჟა-ფშაველაო და სხვანი. გემის თავგადასავლები - ცალკე რომანები. მხოლოდ ნაწილი. დაგელოდები და დანარჩენს მერე მოგიყვებიო. მე ვუთხარი; აბა როგორ, ბენდუქიძესთან შეხვედრა საათებს ნიშნავს. არაო, აქვე ვიტრიალებ და აუცილებლად დამირეკეო.


კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ პარლამენტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი. ამ სიმაღლისთვის პირტიტველა. კი, რაღაც გამეკეთებინა მანამდეც ამ სფეროში, მაგრამ მაინც. ჰოდა, ვიფიქრებ მეთქი და კარგიო. გამოვედი და დავურეკე ბატონ გოგის. ვიფიქრე, მეტყვის, ვიღაცამ გამომიძახა და წავედი, ან რამე ამდაგვარი. ჰოდა, დავუყვები დაღმართს ფეხით. ბატონი გოგი იქვე იდგა. ჩავჯექი და მოვუყევი. რა ვქნა მეთქი? დათანხმდიო! რატომ მეთქი? ჩემი ხათრით დათანხმდიო!


სახლში რომ მიმიყვანა, მითხრა, აწი ლექციების წასაკითხად რომ წახვალ, მე წაგიყვანო. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი. გზაზე ძველ ოპელში კი არა - აღმართზე გაზიდან ბენზინზე გადართვა რომ ჭირდებოდა - უზარმაზარ გემში ვიჯექით და აფრიკის სანაპიროს ვუახლოვდებოდით, კუბისკენ მივიწევდით და იაპონელებს ხელს ვუქნევდით. დიდი, დიდი თხრობები. დაუვიწყარი. ამასობაში დირექტორობას დავთანხმდი და დაველოდე. გაირკვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დილით, როცა პირველი მისვლა-შეხვედრა დაიგეგმა ახალ, საოცარ და უზარმაზარ სამსახურში, ბატონ გოგის დავურეკე და წამიყვანა. 


ვღელავდი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. არც მას. ისიც ღელავდა. ცოტა შორს ჩამომსვით მეთქი. კინო რუსთაველთან გააჩერა და ფეხით გავეშურე. იმის მერე გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა წელი. ბატონი გოგი არ მენახა. პირველი ორი თვე ჩემი ბრალი იყო - გიგანტური საქმის პროლოგმა თავისი წაიღო და მერე ტელეფონმა აურია - ნომრები გაქრა. რა აღარ ვეცადე და ამაოდ. დავნებდი. ორიოდ თვის წინ ქუჩაში გამოვედი რაღაც გაუგებარი კონფერენციიდან მობეზრებული და სიგნალი მესმის. მივიხედე და რას ვხედავ, ბატონი გოგი. ვახ, გავცოცხლდი! იქვე მივდიოდი, მაგრამ ჩავჯექი და სხვა მისამართი ვუთხარი. როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო. ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა. ახლა, სანამ ამ ამბავს დავწერდი, დავურეკე და ვუთხარი, თქვენზე უნდა დავწერო მეთქი. facebook-ი არ აქვს ბატონ გოგის, მაგრამ მეუღლე წაუკითხავს. 


ჰოდა, მივესალმოთ დიდ მეზღვაურსა და მწიგნობარს, ბატონ გოგის! მე თუ ბიბლიოთეკარი ვარ, ეს მისი ,,ბრალიცაა". უკვე გუშინ კი ბიბლიოთეკარების დღე იყო. ეს ამბავიც ამ დღეს დავამთხვიე, რადგან ხვალ და ზეგ და მაზეგ, მერწმუნეთ, ბატონი გოგის ხათრით, ჩვენ საქართველოს საბიბლიოთეკო ქვეყნად ვაქცევთ.

გილოცავთ!“


ავტორი: გიორგი კეკელიძე ​

შეიძლება დაინტერესდეთ

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს საზაგადოების განრისხება მოჰყვა. საელჩო ამტკიცებდა, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ორსული ქალი მსახიობი იყო და მას „ძალიან რეალისტური მაკიაჟი“ ჰქონდა გამოყენებული. აღნიშნული პოსტი Twitter-მა დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით წაშალა.

ორსული ქალბატონის ფოტოსთან დაკავშირებით რუსეთის საელჩო წერდა: „მას ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს. ის კარგად მუშაობს თავის სილამაზის ბლოგებზეც. შეტევის დროს ის ვერ იქნებოდა სამშობიაროში, რადგან შენობა დიდი ხანია აიღო ნეონაცისტურმა აზოვის ბატალიონმა, რომელმაც თანამშრომლებს ადგილის დატოვება უბრძანა.“

ცრუ ბრალდებები თავდაპირველად რუსული Telegram არხებიდან გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბლოგერმა დაბომბვის დროს ორი განსხვავებული ორსული ქალის როლი ითამაშა.

რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელებას დღემდე უარყოფს და ომთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ვირტუალურ სივრცეში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და საზოგადოება ხშირად შეცდომაში შეჰყავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში რუსეთის საელჩოს Twitter-მა პლატფორმის წესების დარღვევის გამო უკვე სამი პოსტი წაუშალა.

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ქალი უკრაინელი ბლოგერი მარიანა პოდგურსკაიაა, რომელიც ორსულად არის.

წყარო:​ techcrunch.com

წაიკითხეთ სრულად