ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
საქართველოში არსებული ვაქცინა ადამიანებს ორმაგი ინდური მუტაციისგანაც იცავს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოში არსებული ვაქცინა კოვიდის ახალი მუტაციისგანაც იცავს ადამიანებს:
,,ინდოეთის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის (CCMB) მონაცემებით ასტრაზენეკა-კოვიშილდი (იგივე ვაქცინა, რაც საქართველოშია) და კოვაქსინი (ინაქტივირებული ინდური ვაქცინა) ორივე იცავს B.1.617 ვარიანტისგან (ორმაგი ინდური მუტაცია)!!!
გთხოვთ, ხელი შეუშალეთ ჭორების გავრცელებას, რომელიც მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის დასტრესვის მიზნით.
გაავრცელეთ მხოლოდ ასჯერ შემოწმებული და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია.
აი-ცერი და იყავი კოვიდისგან გამოწვეული სიკვდილით 100%-ით დაცული!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.