ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
,,უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია''
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 5 მთავარი რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია:
,, საშიშროება არის მესამე ტალღის, რადგან გაჩნდა საკმაოდ მოზრდილი კლასტერები. ეს არის წინა ეტაპი ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია:
1. პირბადის უნივერსალური ტარება;
2. დისტანციის დაცვა;
3. სანიტარული წესრიგის დაცვა;
4. თავის შეკავება შეკრებებისგან;
5. იმუნიზაციის პროცესის გაინტენსიურება.'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.