პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
როდის დაიწყება 5-კრედიტიანი ტრენინგები და ფორმით ჩატარდება
პედაგოგები ისევ 5-კრედიტიანი ტრენინგების დაწყების მოლოდინში არიან. როდის და რა ფორმით ჩატარდება ტრენინგები, ამ კითხვით მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. როგორც ცენტრში განგვიცხადეს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის ცნობილი:
„როგორც კი ტრენინგების ჩატარების დრო დაზუსტდება, ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ხუთკრედიტიანი ტრენინგების მეშვეობით პრაქტიკოსი მასწავლებლები კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.
„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.
დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.
პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.