Baby Bag

მარნეულში 15 წლის გოგო 3 კაცმა გაიტაცა, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა

მარნეულში 15 წლის გოგო 3 კაცმა გაიტაცა, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ​ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგო 3 კაცმა გაიტაცა, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა.

უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად