„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.
„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება