„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან
2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გოგონების მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.
„გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.
აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.
მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.