„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
„აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, ბავშვებმა კი ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს,“ - ზაზა თელია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე
დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება ან მის გაკეთებაზე უარის თქმა სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზეც აისახება:
„დღეს ყველაზე საჭირო რამ, რაც მთელ მსოფლიოში ყველას სჭირდება, არის ეფექტური ვაქცინა. კვლევებმა დაადასტურა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. დღეისთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს ვაქცინა. ავიცრებით თუ არ ავიცრებით, ამით ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზეც.“
ზაზა თელიას თქმით, ბავშვებს პირბადის სწორად გამოყენება უჭირთ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები აცრილები იყვნენ:
„ახლა იწყება სწავლა. ბავშვებს პირბადის სწორად გამოყენება გაუჭირდებათ. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მასწავლებლები იყვნენ აცრილები. კალიფორნიაში არის ჩატარებული ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, წინა მერხებზე მსხდომი ბავშვები. ამ ბავშვებმა ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს. ჩვენ სტატისტიკურად რისკები უნდა შევაფასოთ. საზოგადოებისთვის აღქმა შეიძლება იყოს უფრო მარტივი, თუ უფრო გასაგებ ენაზე მივაწოდებთ ინფორმაციას.“
„აცრილებში ნაკლებია რისკი, აუცრელებში მეტია. რა თქმა უნდა, 100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ არსებობს 100 %-იანი ეფექტურობის მედიკამენტი. შესაძლებელია, რომ აცრილსაც დაემართოს კოვიდი, თუმცა ამის რისკი ბევრად ნაკლებია. თუ აცრილს დაემართა, პოტენციურად შეიძლება აუცრელსაც გადასდოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აცრილებში რისკი ნაკლებია. ვირუსის გამრავლება ბევრად მეტია აუცრელ ადამიანებში. ვირუსის მუტირება უფრო მეტი ალბათობით მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გამრავლება მეტია. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მივიღოთ ახალი მუტირებული შტამი,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.