„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
როდიდან დაიწყება მშვიდი პერიოდი? - პრემიერ-მინისტრი ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრობს
,,ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი,'' - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს:
,,რამდენიმე კვირა დაგვრჩა, მძიმე პერიოდი ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება, დამშვიდდება სიტუაცია, მაგრამ მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და სიტუაცია უნდა იმართოს. აცრების პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ კარგად, მინისტრმა გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი, ავტობუსებშიც დავიწყეთ, ქალაქის მერიასთან ერთობლივად დაალაგეს ეს პროექტი. არეალი კიდევ უნდა გაფართოვდეს, რეგიონებში მაქსიმალრუად უნდა მოვიცვათ ვაქცინაციის არეალი. ასევე მნიშვნელოვანი არის ჯარის ჩართულობა, სამხედრო ექიმები, მათი ბრიგადები არის კოორდინირებულად ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში სოფლად ადგილზე დადიან, ადგილზე ცრიან მოსახლოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინაცია და მოსახლოებას შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მიმდინარეობს, მოსახლეობამ საკმაოდ კარგი მზაობა გამოიჩინა ვაქცინის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც მანამდე იყო, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, მოსახლეობას ამის თაობაზე ყოველდღიურად უნდა ველაპარაკოთ. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.