„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
,,ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ'' - ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჯაროდ ჩაიტარა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„მე ვგრძნობ პასუხიმსგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი წელი მაქვს გატარებული. აქ ჩატარებული ვაქცინაცია, ვფიქრობ, იქნებოდა სიმბოლურიც და მოტივის მომცემი. იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.