„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები?
როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები? - აღნიშნულ კითხვას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი – „კოვიდ-19“ საგანგებო“ უპასუხა.
„თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ ისინი აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას,'' - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.