„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.
სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.