„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.
მანამდე ამ ბრძანებში ცვლილება სამი თვის წინ განხორციელდა, რომლის თანახმადაც განსხვავებულად ჩამოყალიბდა ის მუხლი, რომელიც პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას ეხებოდა.
ამ ცვლილებით კი ბრძანებას დაემატა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები:
„პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.