„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
„ვაქცინა სულ რამდენიმე დღე რჩება ადამიანის ორგანიზმში, არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინას ორგანიზმზე არ აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულმბეგოვმა საზოგადოებაში გავრცელებული ვაქცინასთან დაკავშირებული ის მოსაზრებები განიხილა, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. მან მოსახლეობას განუმარტა, რომ ვაქცინას ორგანიზმზე გრძელვადიანი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია:
„ნებისმიერი მედიკამენტი დროის რაღაც მონაკვეთში რჩება ორგანიზმში და შემდეგ ის ორგანიზმს ტოვებს. ვაქცინებიც არის ზუსტად ასე. ისინი სულ რამდენიმე დღე რჩებიან ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ძალიან დიდხანს ტოვებენ კვალს. ეს კვალი არის ვაქცინისგან გამომუშავებული იმუნიტეტი. არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინებს არ გააჩნიათ. ვაქცინები არ მოქმედებს არც მდედრობითი სქესის და არც მამრობითი სქესის განაყოფიერების ფუნქციაზე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება ვაქცინას პოზიტიური გავლენაც კი ჰქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ უნდა ეშინოდეს.“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, შეცდომაა, როდესაც ადამიანები ამბობენ, თითქოს მხოლოდ მათი საქმეა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:
„ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, რომელსაც უშვებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვაქცინებზე უარს და ანტივაქსერულ დამოკიდებულებას ისინი ამით ამართლებენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტმა შეამცირა კლინიკური ეფექტურობა, ის არ განულებულა. აცრილი ადამიანი აუცრელისგან განსხვავებით ნაკლები პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობს. აცრილი ადამიანი აუცრელისგან განსხვავებით გამოჰყოფს ნაკლები ვირუსის კონცენტრაციას და მცირე რაოდენობით ადამიანებს აავადებს. ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას, თუნდაც კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.“
„ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი კოლეგები, იმ მიზეზით, რომ მათ გადაიტანეს კოვიდი, თავს არიდებენ ვაქცინაციას. ერთის მხრივ, არავინ არ იცის კოვიდის გადატანის შემდგომ რამდენი ხნით და რა ხარისხით არის დაცული. ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით სამედიცინო მყარი მტკიცებულება არ გაგვაჩნია. მსუბუქი დაავადების შემთხვევაში დაცვა უფრო სუსტია, ხოლო თუ მძიმე დაავადება გადაიტანა ადამიანმა, დაცვა უფრო მეტია. თუ ადამიანს ამავე დროს აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც უნდა მძიმედ გადაიტანო კოვიდი, მაინც სუსტი ბუნებრივი იმუნიტეტი გიყალიბდება. კოვიდი თუ გადაიტანე, 30 დღის შემდეგ შეგიძლია გაიკეთო ვაქცინაცია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.