„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
თამარ გაბუნიას განცხადება საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით
,,არ გამოვრიცხავ, 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა:
,,ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედო ტენდენციაა - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი, პედაგოგებშიც არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.