Baby Bag

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

,,ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია...'' - თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც კოვიდ 19-ს ებრძვის, მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო... ამიტომ მოგიყვებით რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის - ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია ამ ყველაფერში მოხვდე და მენატლურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა თითქოს მარტო ვარ. მგონია, რომ ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე რომ სხვა ადამიანებიც არიან, მხოლოდ კარებთან დატოვებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს რა დრო დაჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი,'' - აღნიშნავს თეონა ცხომელიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

თბილისის კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური​ საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. 

​აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

​უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.

წაიკითხეთ სრულად