ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია,“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბავშვებსა და ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაღალი მაჩვენებელია:
„ოფიციალურად მას ჰქვია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. მსოფლიოში ითვლებოდა, რომ ეს იყო ძალიან იშვიათი გართულება. საქართველოში უცებ არის ცნობა, რომ რამდენიმე ათეული ასეთი პაციენტი იყო. მე პედიატრი არ ვარ და ჩემთან არ ხვდებიან ეს პაციენტები. ძირითადად ისინი არიან პედიატრებთან. სამინისტროში გვქონდა შეხვედრა ბატონ ივანე ჩხაიძესთან, რომელიც არის მთავარი სპეციალისტი. მან თქვა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეს შემთხვევები და მათ ნამდვილად ჰქონდათ პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების სინდრომი. რაღაც შემთხვევები რომ იყო, ეს ფაქტია. რამდენად იყო 60 შემთხვევა, მიჭირს თქმა. მსოფლიო სტატისტიკასთან შედარებით 60 შემთხვევა ბევრია.“
თენგიზ ცერცვაძემ ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მრავალფეროვანი სიმპტომატიკისა და რთული მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული სინდრომით არავინ გარდაცვლილა:
„რაც შეეხება მოზრდილებს, იქ გაცილებით ხშირია პოსტკოვიდური სინდრომი. მას ბევრი კლინიკური სიმპტომი ახასიათებს. ყველაზე ხშირად არის საერთო სისუსტე, ტკივილი კუნთების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მოვლენები, როგორიცაა: დეპრესია, უძილობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თირკმლის დაზიანების სიმპტომატიკა, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები. ვარაუდობდნენ, რომ ეს სინდრომი შედარებით იშვიათი იყო. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის იყო მსუბუქი და მხოლოდ დაკვირვება სჭირდებოდა. ახლახან გამოქვეყნდა ინგლისელების ძალიან საყურადღებო კვლევა. დადგინდა, რომ 29,3 % განკურნებულების შებრუნდა კლინიკაში, მათ შორის თითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე მწვავე კოვიდის დროს. მინდა, მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ არცერთი შემთხვევა პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არ გვქონია.“
„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამის შექმნაზე, რათა ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს საშუალება ჰქონდეს მიმართოს კლინიკას, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა. როგორც კოვიდიანი ავადმყოფის გამოკვლევა და მკურნალობა დღეს არის უფასო, ასევე იქნება პოსტკოვიდიანი ავადმყოფებისთვისაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.