ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა
15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.
უწყების ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.
„სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა
სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები
სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა
საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი
სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება
თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა
სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება
მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.
სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები:
სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა
ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია
დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება.
ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.
საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება“, - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.