Baby Bag

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

​​უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს. კორონავირუსისგან განკურნებული 15 მეძუძური დედის რძისგან აღებულ ნიმუშებში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიულობას ავლენდნენ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები, მეცნიერების აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, რძის დახმარებით დედებმა ჩვილებს იმუნიტეტი გადასცენ. „შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავთ,“ - ასე დაამშვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დედები კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა,

ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი აცხადებს, რომ დედის რძე რამდენიმე მკვლევარმა გამოიკვლია და თითოეულმა მათგანმა მასში SARS-CoV-2-ის რნმ-ი აღმოაჩინა, თუმცა ცოცხალი ვირუსი არცერთ მკლევარს არ აღმოუჩენია.

​მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდის სიმპტომატიკა არ ჰქონიათ, მსგავსი ანტისხეულები ნაკლებად აღმოჩნდა.

The Sientist-ში აღნიშნულია, რომ დედის რძეში შემავალი კოვიდ-19-ის ანტისხეულები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს დაიცავს ვირუსით დაინფიცირებისგან, არამედ, შესაძლოა, ისინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენონ. ​დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან. დედის რძეში არსებული სეკრეტორული ანტისხეულები გაცილებით ხანგრძლივად ძლებს, ვიდრე სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაქტაციის პერიოდში რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს დონორი ქალბატონებისგან ანტისხეულების შეგროვება.

დედის რძეზე ჩატარებული კვლევებიდან არცერთს არ დაუდგენია, რამდენად შეუძლია მასში აღმოჩენილ ანტისხეულებს SARS-CoV2-ის ნეიტრალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. კვლევების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ​დედის რძის პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია და ადამიანებმა გარკვეული ტაბუების გადალახვა უნდა შეძლონ, ვიდრე ამის აღიარებამდე მივლენ.მეცნიერები აქტიურად განიხილავენ დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების საკითხს, რომლებსაც სამომავლოდ კოვიდ-19-ის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მომზადებულია ​the-scientist.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე...
​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:„თავიდან იყო მოსაზრება, რო...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვება?

როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვება?

რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა ლაქტაციის დროს კვების რაციონის შედგენისას, რა არეგულირებს რძის გამოყოფას და მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი თათია სხირტლაძე.

- თათია, როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონი?

- მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება პატარას ნორმალური ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. იგი უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, რათა უზრუნველყოს სრულფასოვანი რძის წარმოქმნა. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რამდენი კალორია ესაჭიროება მეძუძურ დედას, მაგრამ საშუალოდ საჭიროა 500 კალორიით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი მდგომარეობისას, რაც დაახლოებით 2000-დან 2500-მდე კალორიას გულისხმობს.

სრულფასოვან, დაბალანსებულ კვებას უზრუნველყოფს რაციონში შემდეგი პროდუქტების არსებობა:

  • ცილებით მდიდარი რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, რძე, საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი
  • ვიტამინების შემცველი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, ატამი, კენკრა, ციტრუსები (თუ ალერგია არ გაქვთ), კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და ა.შ.
  • ცხიმებით მდიდარი - ნაღების კარაქი, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი
  • ნახშირწყლების შემცველი - პური, ბურღულეული და მაკარონი
  • სითხეები: წყალი და ნაკლებად ტკბილი ხილის წვენები.
- კონკრეტულად რა უწყობს ხელს რძის მომატებას?
- რძის გამოყოფას არეგულირებს სპეციალური ჰორმონი - პროლაქტინი, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოფიზის წინა ნაწილში და მისი ნორმალური გამომუშავებისთვის ხელსაყრელი პირობებია საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანია დადებითი ემოციური განწყობა და ხშირი ძუძუთი კვება, ამასთანავე, ხშირი დასვენება, კარგად ბალანსირებული კვება, დღეში 3-4-ჯერ მაინც და საკმარისი რაოდენობით სითხე წყურვილის დასაკმაყოფილებლად.
- იკრძალება თუ არა გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტები ლაქტაციის დროს?
- ძუძუთი კვების დროს დედის კვების რაციონი, ფაქტობრივად, არ იცვლება, თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.
მეძუძურმა ქალმა არ უნდა მიიღოს: ალკოჰოლი, შებოლილი, ზედმეტად ცხიმიანი საკვები და პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგია (თუმცა მცირე დოზებით დასაშვებია). უნდა დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას, ხომ არ იწვევს ალერგიას, გამონაყარს ან რაიმე სხვა უარყოფითს და შესაბამისად შეზღუდოთ მისი მიღება.
მეძუძურ დედას ხშირად აინტერესებს შეუძლია თუ არ მიიღოს ყავა. სრულად აკრძალული არაა, თუმცა,  აუცილებელია კოფეინის რაოდენობის შემცირება, დღეში არ უნდა აღემატებოდეს 200-300 მგ-ს. (300 მგ. კოფეინს შეიცავს - 2 ჭიქა გაფილტრული ყავა და 4 ჭიქა ჩაი).
- დედები ლაქტაციის დროს დიდი რაოდენობით იღებენ სითხეს (ჩაის), რამდენად უწყობს ხელს რძის მომატებას და კარგია თუ არა ეს ბავშვებისთვის?
- ძუძუთი კვების დროს იმატებს მოთხოვნილება სითხეზე, ჩნდება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მეძუძურმა დედამ საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღოს. სადღეღამისო დოზა დაახლოებით 1,5-2 ლიტრია. სასურველია, ეს იყოს წყალი, რძე და ნაკლებად ტკბილი ხილის წვენი. რაც შეეხება ჩაის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ხელს უწყობს რძის მომატებას.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად