დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„მოზღვავება მოხდა პაციენტების, ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ პანიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში ახალი სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. მისი თქმით, სადღესასწაულო პერიოდში ხშირია ნაწლავური ინფექციები, რაც მშობლებში პანიკას კიდევ უფრო აძლიერებს:
„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში დაიწყო სწორედ წინასაახალწლო პერიოდში. სწორედ იმ დროს, როდესაც სახეზე გვაქვს მეტ-ნაკლებად კვებითი ტოქსიკური ინფექციები. ერთმანეთს დროში დაემთხვა ცხელებით მიმდინარე ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები და ახალი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად შეზღუდვისა ჩვენი მოსახლეობა მაინც ერთმანეთთან მიდიოდა. შესაბამისად კვებითი ინფექციის რამდენიმე შემთხვევა მე პირადად მქონდა.“
თემურ მიქელაძის თქმით, შემთხვევათა 100 %-ში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს:
„ამ ინფორმაციის გავრცელების მეორე დღიდან წარმოიქმნა პანიკა. ყველა კოვიდგადატანილმა თუ არგადატანილმა პაციენტმა დაიწყო ექიმთან მიმართვა. მე მინდა ავღნიშნო, რომ ორ პაციენტს, რომელსაც ახალი სინდრომი დაუდგინდა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა კოვიდის. უბრალოდ კვლევით დადგინდა, რომ ჰქონდათ ანტისხეულები. მკაცრად უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, თუ რა არის ეს სინდრომი: პირველი ნიშანი არის ცხელება, ის 100 % შემთხვევაში უნდა იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს. ცხელება უნდა იყოს მინიმუმ 4-6 დღე და ზემოთ. ცხელება მაღალია, 38,5-ზე ზემოთ. ის ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. მეორე კლინიკური სიმპტომი შეიძლება იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიარეა, ღებინება.“
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ახალი სინდრომის გამოვლენისას პროცესში ორი ან მეტი ორგანო უნდა იყოს ჩართული:
„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს ჩართული უნდა იყოს ორი ორგანო და ზემოთ. აქ უნდა იყოს გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ა.შ. შემდეგი ნიშანი არის ლორწოვანი გარსის ჩართულობა, სტომატიტები, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ლეთარგია, მივარდნილია პაციენტი, კიდურების შეშუპება და გამონაყარი. ეს არის ძირითადი სიმპტომები. აუცილებელია, რომ ორზე მეტი სიმპტომი ერთად გვქონდეს.”
„მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. პირველივე დღესვე თუ არ დაისვა დიაგნოზი, არ დაზიანდება ღრმად კორონარები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ისე, რომ ჩვენ ვერ მოვასწროთ მკურნალობა. დროულად, სწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი არის კეთილსაიმედო. ასეთი ინფორმაცია სწორად უნდა მივაწოდოთ ადამიანებს. მოზღვავება მოხდა პაციენტების, 9 საათი ხომ კომენდანტია და მიწევდა ხელით საშვების წერა. ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული. ახალი წლის პერიოდს დაემთხვა ღებინებაც, დიარეაც, . ეს ყველაფერი რომ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს დაუკავშიროთ, ეს ასე არ არის. მთელი წლის განმავლობაში 21 წლამდე ასაკის ადამიანებში უნდა იყოს 70 შემთხვევა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველა 100 %-ით გამოჯანმრთელდება. “ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.