დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, საერთო ავადობაში ბავშვების წილი 10-12%-ია . თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ავადობა იშვიათია, მაგრამ დამძიმების რისკი ჩვილებში ყველაზე მეტია. ბავშვებში მაინც ხველა და სიცხე არის ყველაზე წამყვანი სიმპტომები.“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარება ორგანიზმის იმუნულოგიური პასუხია კოვიდზე:
„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში კოვიდის მიერ გარკვეული გამოძახილია, იმუნოლოგიური პასუხია. ტემპერატურა არის 38 და უფრო მაღალი, ასევე არის გულისრევა, დიარეა და ღებინება. დამახასიათებელია გამონაყარი, შეიძლება იყოს ლორწოვანის დაზიანება, ხელისგულების დაზიანება. ეს სინდრომი კავასაკის მიმდინარეობას ძალიან ემსგავსება.“
ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ აღნიშნული სინდრომის განვითარების დროს ბავშვი სწრაფად უნდა ვაჩვენოთ ექიმს, რათა სერიოზული გართულებები არ განვითარდეს:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს. შესაძლებელია გულის სისხლძარღვების დაზიანება და ანევრიზმების განვითარება. მკურნალობის ტაქტიკა იგივეა, რაც კავასაკის დროს. ბავშვებს სჭირდებათ ინტრავენური იმუნოგლობულინის გადასხმა, ასევე დექსამეტაზონი გამოიყენება. მქონდა ასეულობით პაციენტთან ონლაინ კონსულტაცია. მათ ჰქონდათ ჭინჭრის ციება. საერთოდ ვირუსული ინფექცია ყოველთვის შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ურტიკარიის გამომწვევი. თუ ცხელების დროს პაციენტი იღებს იბუპროფენს, ვეუბნებით, რომ აქცენტი პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატებზე გაკეთდეს.“
„ბავშვებში სულ 3%-ია ის, ვისაც სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. დაწყებული სიმსუქნიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიებით, წარმოადგენს უფრო მეტ რისკს, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გართულებების. განსხვავებული გამოვლინება კორონავირუსის მაინც არის ბავშვებში. ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, რაც მოზრდილებში ძალიან ხშირია, მცირე ასაკის ბავშვებში ერთეულ შემთხვევებშია. ათი წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 10 %. ბავშვებში გაცილებით მეტია შემთხვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. ეს არის ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, მადის დაქვეითება.“
„ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენთან 42 პაციენტი შემოვიდა. სპეციფიკური მკურნალობაა და ის დაექვემდებარა ამ მკურნალობას. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო მძიმე და მათი მართვა დაგვჭირდა კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. ამ პაციენტების რაოდენობა მზარდია, არც არის ეს გასაკვირი. საქართველოში დღეისთვის ინფიცირებული ბავშვების როადენობა ძალიან დიდია. არ არის სავალდებულო ეს სინდრომი განვითარდეს მძიმე დაავადების შემდეგ. უშუალოდ ფაქტი კოვიდის გადატანის არის საკმარისი, რომ ორგანიზმმა უპასუხოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომით,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედიკოსებმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.