ამერიკაში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,სამწუხაროდ, ვერ ავუდივარ 5-10 წუთში ერთხელ მოწერილ წერილებს. კითხვები ერთი და იგივეა. ყველა კითხვაზე არის პასუხები ჩემი და ჩემი კოლეგების პოსტებსა თუ ლექციებში, და მაინც ასეულობით წერილი პირადად ითხოვს მათზე პასუხს. რამდენიმეს აქ შევაჯამებ.
უნდა აიცრას თუ არა ადამიანი ქრონიკული დაავადებებით?
- რაც უფრო გრძელია თქვენი დაავადებების სია და რაც მეტ პრეპარატს ღებულობთ, მით უფრო აუცილებელია ვაქცინაცია. არა აქვს მნიშვნელობა რა დაავადება გჭირთ. მთავარია თქვენი ქრონიკული დაავადებები მწვავე ფაზაში არ იყოს.
ცალცალკე დაავადებების მოწერას აზრი არ აქვს, პასუხი ყველა ასეთ კითხვაზე იგივეა.
უნდა შევწყვიტოთ თუ არა წამლები ვაქცინაციის დღეს?
- არც ერთი მედიკამენტის, რასაც ქრონიკული პრობლემების სამკურნალოდ იყენებთ, შეწყვეტა საჭირო არ არის. არც ერთის...
ეგრეთ წიდებული ,,სისხლის გამათხელებლები" გვჭირდება თუ არა პოსტვაქცინაციურ პერიოდში?
- ვაქცინაცია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ამ პრეპარატების დანიშვნის მიზეზი. სამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა როცა ამას ექიმის დანიშნულებით აკეთებენ. მცდარია ეს მოსაზრება. ამ წუთისთვის არც ერთი კვლევა არ არსებობს რაც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
ვაქცინაცია ფერტილობაზე ახდენს გავლენას?
ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი... იყო კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ იცვლებოდა.
ვიცრებით თუ არა ისინი ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ?
- აუცილებლად ვიცრებით, რომ ორსულობამ მშვიდად ჩაიაროს. ორდოზიანი ვაქცინებისას ორივე დოზიდან ორ კვირაში ვითვლებით აცრილად და ამის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა უსაფრთხოა.
ვცრით თუ არა ორსულებს?
- ამერიკული ვაქცინებით და ასტრაზენეკათი ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია. ვინაიდან ამ ჯგუფში რანდომიზირებული კვლევა არ არსებობს, ორსულებს მოუწოდებენ რისკების გათვალისწუნებით მიიღონ გადაწყვეტილება. ამ დროისთვის არსებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებში რნმ ვაქცინებით და AstraZeneca-თი აცრა უსაფრთხო იყო.
რამდენად უსაფრთხოა ბავშვების კოვიდვაქცინაცია?
- ამერიკაში დაშვებულია Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლიდან ზემოთ. კვლევა დაასრულა Moderna-მ და როგორც ვიცი მალე შეუერთდება Pfizer-ს ამ მხრივ. უსაფრთხოების პროფილი ამ ასაკობრივ ჯგუფში საიმედოა. იყო რამდენიმე შემთხვევა მიოკარდიტის, თუმცა სერიოზული გართულებები აქამდე არსებულ შემთხვევებს არ მოჰყოლია და ამიტომ ჩაითვალა რომ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი მკვეთრად მეტია ერთეულ გართულებებთან შედარებით.
შესაძლებელია თუ არა შერეული ვაქცინაცია?
- ამის პრაქტიკა უკვე ნამდვილად არსებობს. კვლევებში დადასტურდა რომ პირველ დოზად AstraZeneca და მეორე Phaizer-ი მძლავრი იმუნური პასუხით ხასიათდება. ასეთ პრაქტიკას აქტიურად იყენებს გერმანია, თუმცა საქართველოში ვერანაირ ვაქცინებს ვერ შეურევთ და ვერც ბუსტერს გაიკეთებთ. ამგვარი პროტოკოლი ქვეყანას არ გააჩნია და შესაბამისად ლეგალურად შერეული ვაქცინაცია შეუძლებელია.
ალერგიები და ვაქცინაცია
- არანაირი ალერგიული რეაქცია, გარდა ერთი შემთხვევისა, ვაქცინაციის უკუჩვენება არაა. მხოლოდ ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ითვლება უკუჩვენებად. ანაფილაქსიური რეაქცია მწერების ნაკბენზე ან რაიმე სხვა მედიკამენტზე არ ითვლება რნმ და დნმ ვაქცინების უკუჩვენებად. თუ რომელიმე ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია მეორე დოზა აღარ კეთდება.
ვიცრებით თუ არა კოვიდის გადატანის შემდეგ?
- მე ავიცერი კოვიდგადატანილი, ანტისხეულების საკმაოდ მყარი ტიტრით. ვაქცინაცია შესაძლებელია კოვიდის გადატანიდან 30 დღის გასვლის შემდგმომ თუ სამკურნალოდ ანტისხეულების კოქტეილი ან პლაზმა არ იყო გამოყენებული. ამ პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში უნდა დაელოდოთ 90 დღის გასვლას. ვაქცინაციის წინ ანტისხეულების ტიტრის გასინჯვა აუცილებელი არ არის. ეს საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ იცრებით, გინდათ გაახანგძლივოთ მოლოდინის პერიოდი და გაინტერესებთ რამდენად გაქვთ იმუნური პასუხი. კოვიდ-იმუნიტეტი მხოლოდ ანტისხეულები არ არის. ანტისხეულების არ არსებობის პირობებში იმუნური მეხსიერება მაინც გაქვთ. ზუსტად არავინ იცის ანტისხეულების რა ტიტრი ითვლება საიმედოდ. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვიყენებთ ამ ანალიზს რუტინულად.
საჭიროა თუ არა ვაქცინაციამდე კვლევების ტარება?
- არა. თუ რამე სპეციფიური დაავადების კლინიკური ნიშნები არ გაქვთ არანაირი ანალიზები ან გამოკვლევები არ გჭირდებათ.
რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური?
- სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაგიცავთ ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული თითქმის ყველა ვაქცინა. ცხადია ეფექტურობის ხარისხი განსხვავდება. თუ არჩევანი გაქვთ რნმ ან დნმ ვაქცინები ბევრად უფრო ეფექტურია. თუ არჩევანი არ გაქვთ ჩინური წარმოების ვაქცინები სულ არაფერს ნამდვილად ჯობია.
ვინ უნდა აიცრას?
- ყველა! სამწუხაროდ ბავშვებს ამერიკის გარდა არც ერთი ქვეყანა არ ცრის, ცხადია ვერ აცრით საქართველოშიც. დაშვებული ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში უნდა აიცრას ყველა ვისთვისაც საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასია.
P.S. კომენტარებში დასმულ კითხვებიდან ვეცდები იმათ გავცე პასუხი, რომლებზეც ინფორმაცია ჩემს კედელზე არ მოიპოვება. სამწუხაროდ, შეუძლებელია ფიზიკურად გავწვდე ათასობით კითხვას,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა,“ - გიორგი ღოღობერიძე „შავი სოკოს“ შესახებ საუბრობს
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ინდოეთში გავრცელებული დაავადების, ე.წ. შავი სოკოს შესახებ ისაუბრა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაასახელა:
„ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრ ადამიანს დაემართა ე.წ. „შავი სოკო.“ „შავი სოკო“ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეც. შემთხვევათა ნახევარში ის მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. „შავი სოკოს“ გამომწვევი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ეს სოკოები არის ყველგან. უფრო მეტად ის გავრცელებულია ინდოეთში. ეს ინფექცია ინდოეთში 80-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში ის არ გვქონია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ეს არის სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უზიანდება თვალბუდეები, ცხვირის ღრუ. შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის დანეკროზება, კვდომა. შესაძლოა, იყოს სასის პერფორირებაც.“
„ამ სოკოვან დაავადებას ჰქვია მუკომიკოზი. ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა. რისკ-ფაქტორები, რომ ადამიანს მუკომიკოზი დაემართოს, შეიძლება იყოს კოვიდ 19, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან და გასულია სულ რაღაც რამდენიმე დღე ან კვირა. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ მკურნალობს შაქრიან დიაბეტს. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ლიმფომა, ორგანოების გადანერგვა, სტეროიდების ძალიან ხანგრძლივად გამოყენება, თირკმლის უკმარისობა, ციროზი, სიმსივნეები (უფრო ხშირია ფილტვის მუკომიკოზი), მალნუტრიცია, ტუბერკულოზი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა სხეულში, ნეიტროფილების რაოდენობის დავარდნა.“
„ეს ინფექცია იწყება ან პირის ღრუში, ან ცხვირში. ასე აღწევს სოკო ჩვენს ორგანიზმში. თვალბუდეების გავლით ის აღწევს საკუთრივ თავის ტვინს. თავიდან პაციენტს აქვს სახის ცალმხრივი მტკივნეულობა, განსაკუთრებით წიაღების პროექციაზე. შემდეგ სოკოს მიერ გამოწვეული თრომბი სისხლძარღევს ახშობს. ქსოვილები ვეღარ იკვებება, ვერ იღებს სისხლს, კვდება და ნეკროზდება. ქსოვილები შავდება, ამიტომაც ჰქვია ამ ინფექციას „შავი სოკო." პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი, ძალიან მალე ეზრდება ტემპერატურა. თუ დროული ჩარევა არ მოხდება, შეიძლება სოკომ შეაღწიოს თავის ტვინში და გამოიწვიოს კომა. ინდოეთში ბევრ ადამიანს თვალები ამოუღეს, რომ ხელი შეშლოდა ინფექციის თავის ტვინში გავრცელებას. თუ სოკო აზიანებს ფილტვებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლიანი ხველა. ეს სოკოვანი ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.