ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„ჩუმი ჰიპოქსია ნიშნავს ჟანგბადის ნაკლებ კონცენტრაციას, როდესაც პაციენტებს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება არ აქვთ,“ - თამაზ მაღლაკელიძე
პულმონოლოგმა თამაზ მაღლაკელიძემ ჩუმი ჰიპოქსიის შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ემართებათ. მან აღნიშნა, რომ ჩუმი ჰიპოქსიის დროს ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მას ჰაერის უკმარისობა აქვს:
„ამ ვირუსმა შეცვალა დაავადების მიმდინარეობა. ჩვეულებრივი პნევმონია არ მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს კოვიდ-19-ის დროს. კოვიდ-19-ის დროს დისტრეს სინდრომი განსხვავდება ჩვეულებრივად მიმდინარე დისტრეს სინდრომისგან. ჩუმი ჰიპოქსია ნიშნავს ჟანგბადის ნაკლებ კონცენტრაციას. რას ნიშნავს, რომ პაციენტები ჩუმი ჰიპოქსიით არიან? ისინი კითხულობენ, ტელეფონზე თამაშობენ და სუბიექტური შეგრძნება ქოშინის, ჰაერის უკმარისობის არ აქვთ. მთავარი ის არის ჩუმი ჰიპოქსიის დროს, რომ შენარჩუნებულია ფილტვის ქსოვილის ელასტიურობა. ფილტვის ქსოვილს შეუძლია გამოდევნოს ნახშირორჟანგი.“
თამაზ მაღლაკელიძის თქმით, მეორე ფაზის დროს ფილტვი ნახშირორჟანგს ვეღარ გამოდევნის და პაციენტი მძიმდება:
„მეორე ფაზა დგება, როდესაც ფილტვის ქსოვილი ხდება ხისტი. როდესაც იკარგება ელასტიურობა და ფილტვები ხდება ხისტი, ის უკვე ვეღარ გამოდევნის ნახშირორჟანგს, გროვდება ნახშირორჟანგი და ამას მივყავართ მძიმე ჰაერის უკმარისობამდე. პულსოქსიმეტრს შეუძლია ადრეულ ეტაპებზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, დაადგინოს ჟანგბადის შემცველობა.“
„პულსოქსიმეტრით გაზომვისას ნორმად ითვლება 94-100 %. ავღნიშნე, რომ შეიძლება პაციენტები კითხულობდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ, გაუზომო პულსოქსიმეტრით და აღმოჩნდეს, რომ ჟანგბადის მაჩვენებელი 50 %-ია. ეს იმავეს ნიშნავს, რომ ევერესტზე არიან. ადვილია პულსოქსიმეტრის მოხმარება. ამ პერიოდში თითოეულ ოჯახში, როგორც თერმომეტრს ვხმარობთ, ისევე უნდა იყოს პულსოქსიმეტრი. როდესაც ადამიანი ელასტიურობიდან გადადის ხისტ ფაზაში, უცბად მძიმდება პაციენტი, კარგავს გონებას და გადადის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ - აღიშნულ საკითხებზე თამაზ მაღლაკელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.