ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
,,კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება!''
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. MomsEdu.ge პოსტს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,წელიწადი და ორი თვეა ,,ზაოდ-კრაოტის" რეჟიმში ვარ. 1-2 ჯერ თუ ვიყავი სახლში ამ პერიოდში მეგობართან. ყველა მენატრება და განსაკუთრებით კი ის ჩვეული სითბო და გარემო მენატრება, რომელიც მეგობრებთან ერთად ყოფნისას ჩნდება. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მე განსაკუთრებით მიჭირს მათ გარეშე ყოფნა. სულ უბრალო, წლების განმავლობაში ჩემგან არაფრად მიჩნეული ლუდის მოხვრეპა რა ყოფილა- ოღონდ ლუდის ბარში და არა სახლში მოტანილის! როგორ არ ვაფასებდი! დოჩანაშვლის ის ცნობილი "ხინკლის კანონიც" უფრო ბარ- ბუდრუგანებში მუშაობს, თორემ სახლში გლოვოს მოტანილი რა სათქმელია!
ჰოდა ამ გასულ პარასკევს, ისე მოგვენატრა ჩვენი კლინიკის ექიმებს ეს სულ უბრალო რამ, რომ სამსახურის დამთავრებისთანავე გადავედით ჩვენი კლინიკის სულ ახლო მყოფ ბარში. უკვე შვიდის თხუთმეტი წუთი იყო და ბარში გამოგვიცხადეს: "-შვიდს რომ ათი დააკლდება ვხურავთო". რა ძალა იყო- ჩავიყარეთ ამ ნახევარ საათში საჩქაროდ და უგემურად.. ვერც ლუდი ვხრიპეთ ნაბა- ნება (პირველი ბაკალი ისედაც არ ისმება ნელა) - ჩავისხით ნაუცბადევად... დავიშალეთ ნახევარ საათში ექიმები უკმაყოფილოდ..
... როგორ არ გვინდა ექიმებს ძველებური ცხოვრება!?? გალახულებივით, უსიტყვოდ დავტოვეთ სახინკლე. რატომ გგონიათ სხვაგვარად? რადგანაც მოგიწოდებთ რეგულაციების დაცვისკენ? ამიტომ გგონივართ მტრები? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ- დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება! ამავე დროს, უნდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ. დღეს სამი მეგობარი პირადად დავარეგისტრირე აცრაზე (წუთის საქმეა). აცრა, პირბადე და რეგულაციები- მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს! პირბადის მუდმივად ტარებამ ალერგია გამიჩინა სახეზე და საშინლად შემაწუხებელია (ამის გამო წვერსაც იშვიათად ვიპარსავ), მაგრამ როგორც ქართველები იტყვიან: "ომში ის გამოიყენე, რაც ხელთ მოგხვდებაო! (ანდაზის ევროპული ანალოგი უფრო ლაკონურია)",'' - აღნიშნავს დავით გადელია.