ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება
„ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა?
მინისტრის მოადგილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა:
„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი.
ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.