საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.
,,მე გაკეთებული მაქვს სინოფარმი მაისში, ორჯერ და ახლა იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.