საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალი და კარგი ამბავი ძალიან მოკლედ!“ - ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა სასიხარულო სიახლის შესახებ
ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჯერჯერობით მეტი დრო არ მაქვს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით.
Paxlovid - Pfizer-ის ანტირეტროვირუსული პროტეაზინჰიბიტორის კლინიკური კვლევის მონაცემების შუალედური (!) ანალიზის საფუძველზე კვლევა შეჩერდა. ამის მიზეზი პოზიტიური და დამაჯერებელი რეზულტატია. სავარაუდოდ "ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ", Pfizer პაკეტს ამზადებს და დაჩქარებულ საგანგებო ავტორიზაციაზე მიდის FDA-ში (რა თქმა უნდა რეგულატორებთან წინასწარი შეთანხმებით). ასეთ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი კვლევის ბოლომდე მიყვანა. სტატისტიკურად იმდენად მაღალია რეზულტატის ვალიდურობა (დამაჯერებლობის ხარისხი), რომ კვლევაში პაციენტების მკურნალობის გაგრძელება პლაცებოთი არაეთიკურია!
რაც შეეხება ახალ შესაძლო ვარსკვლავს... Paxlovid-ით მკურნალობა იწყება კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში. შედეგად ის 89% -ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს. უსაფრთხოების პროფილი დამაკმაყოფილებელია. რომ არ დაფრხეთ, ამ ჯგუფის პრეპარატებს 1996 წლიდან ეფექტურად ვიყენებთ შიდსის მკურნალობისთვის.
ჰო კიდევ, წინა კვირას მესამე დოზით ავიცერი. არ მინდა იფიქროთ, რომ ეს ამბავი აუცრელობის შანსს გვიტოვებდეს.
P.S. არ გვინდა ნერვიულობა და წინასწარი ნეგატიური სცენარები (ჩვენამდე როდის მოაღწევს? უთუზბირი ეღირება..). კარგ ამბავს სიხარულით შევხვდეთ, ისე როგორც თასების თასზე გატანილ გოლს! ჩემთვის ასეთი იყო შარშანდელი დეკემბერი როცა კოდი მოხსნეს ფაიზერის პირველი დიდი კვლევის მომაცემებს და აცრილებში 90%+ მეტი ეფექტურობა აღმოვაჩინეთ.
მეტი სიხარული და მეტი ჯანმრთელობა ყველას ყველა მხარეს!“ - აღნიშნავს თამრიკო ქვარცხავა.